მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ატალანტასთან” მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ არა გადამწყვეტი”

ალეგრი: “ატალანტასთან” მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ არა გადამწყვეტი”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანი მატჩია, თუმცა არა გადამწყვეტი.

„მეოთხე ადგილისთვის უშუალო კონკურენტს ვეთამაშებით, ეს მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ არა გადამწყვეტი. რთული შეხვედრა იქნება, რადგან „ატალანტამ“ ბოლო წლებში აჩვენა, რომ ოთხეულის გუნდია. ფიზიკურად ძლიერი გუნდია, იტალიის თასიდან გავარდნის გამო ძალიან გაბრაზებულები იქნებიან.

არტური თუ ლოკატელი? არ ვიცი, როგორ მდგომარეობაში არიან ისინი, ვინც ხუთშაბათს ითამაშეს, ორი რთული მატჩი გამოვიარეთ მენტალურად და ფიზიკურად. დღეს გუნდი უნდა ვნახოთ, ერთ რამეში მშვიდად ვარ – შეცვლებმა წინა მატჩშიც ბევრი რამ მოგვცა. ყველანი კარგად უნდა ვიყოთ, თავს კარგად ვგრძნობდეთ და როცა საჭირო გახდება, თანაგუნდელებს უნდა დავეხმაროთ. ეს მამშვიდებს, იმის მიუხედავად ვინ იქნება ძირითადში.

ყოველთვის გვჭირდება ბალანსი, კარგი სერია გვაქვს. შედეგები თამაშიდან თამაშამდე უნდა დავასტაბილუროთ და რაც უფრო წინ წავალთ, უფრო რთული იქნება მოგება. დიბალა ვლაჰოვიჩთან ერთად უკეთესია? ბუნებრივია, რომ ყველამ უნდა ისარგებლოს ცენტრფორვარდით. სხვა ენერგიით ვმუშაობთ. თუმცა, ვიმეორებ: ჯერ არაფერი გაგვიკეთებია, „იუვენტუსის“ მიზანი მატჩების მოგებაა. ხვალ „ატალანტაა“, შემდეგ „ტორინო“, ამ მომენტში მხოლოდ საქმეა გასაკეთებელი, საუბრის დრო არ არის.

ხვალ შემტევი სამეული? შეიძლება ასე ვითამაშოთ, ისევე, როგორც შეიძლება – არა. დღეს კარგად შევაფასებთ სიტუაციას. კინი კარგადაა, ბერნარდესკი არ იქნება, რადგან ახლა დაგვიბრუნდა და სრულ განკარგულებაში ორშაბათიდან გვეყოლება. კიელინის ტრავმა აქვს, დანარჩენები ხელმისაწვდომები არიან.

გასპერინი არაჩვეულებრივად მუშაობს, მან ჩემპიონთა ლიგაზეც მშვენივრად იმუშავა და ერთხელ ფინალთანაც ახლოს იყო. მან თავისი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი მიიღო, უბრალოდ უნდა შევაქოთ. ხვალინდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია.

ახლა „ატალანტას“ ვხვდებით, შემდეგ მატჩებზე მოგვიანებით ვიფიქრებთ. ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა, წინა სამეულს მეტისმეტად დიდი უპირატესობა აქვს. როცა „ინტერი“ პოტენციურად 11 ქულითაა წინ, რთულია სკუდეტოზე ფიქრი. თან, სამი გუნდი გვისწრებს, ერთი რომ იყოს, კიდევ შეიძლება.

ორი ცენტრალური ნახევარმცველით თამაში? ვნახოთ, ხვალ ან სხვა მატჩებში იქნებ ასე ვითამაშოთ. ზაკარიამ ფეხბურთის თამაში კარგად იცის, სუფთა და ჭკვიანი ფეხბურთელია. მზად გუნდშიც მოხვდა და მან კარგად მოახერხა გუნდთან შერწყმა. ფიზიკურად კარგად ვართ, ამიტომ, ვიტყოდი, რომ შეგვიძლია კარგად ვითამაშოთ. ბედნიერი ვარ, მაგრამ ამან არავის უნდა მისცეს მოდუნების საშუალება, ეს მხოლოდ ბუნებრიობა უნდა იყოს, რადგან ჩვენ „იუვენტუსში“ ვართ. ყოველთვის გვაკვირდებიან, ყოველ თამაშში, ამიტომ, ყველა მატჩის მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ.

ყოველ სამ დღეში ერთხელ ვთამაშობთ. ბიჭებს ვუთხარი, რომ რაც უფრო წინ მივდივართ, მით მეტია შანსები. ამ დროისთვის კიელინის და ფედერიკოს გარდა, რომელიც რეაბილიტაციას კარგად გადის და უფრო მშვიდადაა, ყველა ჯანმრთელადაა. ვარჯიშის დონე ამაღლებულია, ამიტომ, კვირასაც კარგად უნდა ვითამაშოთ.

გარდამტეხი თამაში არ არის, რადგან „ატალანტას“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ახლა მეტოქესთან ახლოს ვართ, მაგრამ ხვალინდელი თამაში გადამწყვეტი არ არის. მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ არა გადამწყვეტი“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 13 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …