მთავარი / სიახლეები / “ჩემი იუვე” – ბუფონის შემაჯამებელი ინტერვიუ “იუვენტუსში” გატარებულ 20-წლიან პერიოდზე

“ჩემი იუვე” – ბუფონის შემაჯამებელი ინტერვიუ “იუვენტუსში” გატარებულ 20-წლიან პერიოდზე

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა. ჯიჯი იტალიურ გრანდს ტოვებს და ვრცელი დიალოგიც ამიტომ შედგა. ბუფონმა ბევრ საინტერესო რამეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ამ 20 წლის განმავლობაში „იუვენტინოდ“ იქცა.

ჯიჯის გული სწყდება, რომ ტიფოზების ნაწილმა კლუბს ზურგი პრობლემების გაჩენისთანავე აქცია, რომელიც „იუვეს“ ამ სეზონში ჰქონდა. ისიც თქვა, რომ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ გაკეთებულმა კომენტარებმა, რომ თითქოს ის მხოლოდ პირლოსთან მეგობრობის გამო ათამაშეს, „იუვეს“ დატოვებისკენ უბიძგა.

“იტალიის თასის მოგება სასიამოვნო ფინალი იყო, ურთიერთობის შეწყვეტა ლამაზი გამარჯვებით დაიხურა. ძალიან მშვიდი გამომშვიდობება იყო, იგივე 3 წლით ადრე უკვე განცდილი მქონდა. ამას არ ეჩვევი, მაგრამ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე გარკვეული ემოციების თავიდან აცილება შეგიძლია. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხვდა. მთელი ამ წლების განმავლობაში მე იუვენტინო გავხდი, ახლა ბედნიერი ვარ, რადგან ნამდვილი იუვენტინო ვარ, ავირჩიე, რომ იუვენტინო ვყოფილიყავი.

პირველი რეაქცია, როდესაც 20 წლის წინანდელ ჩემს პირველ სურათს ვუყურებ „იუვენტუსში“? დაძაბული ვიყავი, თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო და არასდროს მიფიქრა, რომ 2021 წელსაც „იუვენტუსში“ ვიქნებოდი, როგორც მეკარე. მე მოვახერხე ამის გაკეთება, „იუვეს“ დამსახურებითაც: თავმდაბლობა, შრომა, ყოველთვის განვითარების სურვილი. ყველაზე სპეციფიკური მომენტი ამ 20 წელიწადში? ბევრი იტყვის, რომ სერია B, მაგრამ ამაზე ბევრი არასდროს მიფიქრია. ინსტიქტურად ვაკეთებ საქმეს, მაქვს ცხოვრებისეული გრძნობები, რომლებიც მაიძულებენ გავიგო რა არის სწორი და არა არის არასწორი. ვართ თუ არა ყველა დროის საუკეთესო მეკარე? არასდროს მიფიქრია ამ იარლიყზე, მიუხედავად იმისა, რომ სასიამოვნოა. ხალხის აღიარება ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახარ, სხვების შეფასება გეხმარება უფრო მეტის გაკეთებაში. ფეხბურთი ძალიან შეიცვალა, უფრო რთულია, ვიდრე სხვა ეპოქებში, მაგრამ არსებობს სავარჯიშო საშუალებები, რომლებიც მეკარეს დღეს უფრო ეხმარება. საუკეთესოს ძიების სურვილი არ მიმაჩნია სწორად. საფეხბურთო ხატები სამუდამოდ რჩება. პელე, მარადონა, მესი კრიშტიანუ, ისი საოცარი ფეხბურთელები იყვნენ და საჭირო არ არის, მათ შორის, საუკეთესო ნებისმიერ ფასად იპოვო.

საკუთარი თავის გაუმჯობესების სურვილი? მგონია, რომ თუ ჩემს კარიერაში გაშვებულ გოლებს გადავხედავდი, მათ უმეტესობაში საკუთარ ბრალს დავინახავდი. პირველი, რაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, გაუმჯობესების სურვილია. უნდა იყო თვითკრიტიკული. ეს მამაჩემისგან ვისწავლე, რომელიც როგორც სპორტსმენი ძალიან თვითკრიტიკული იყო. თუ მე ამდენს მივაღწიე, ეს იმიტომ მოხდა, რომ ყოველთვის მქონდა სრულყოფილების სურვილი.

„იუვენტუსში“ ყველაზე ბედნიერი მომენტი? ტრიესტეში მოგებული სკუდეტო კონტეს პირველ სეზონში. ეს იყო წრის დასრულება, რომელმაც ძალა მიანიჭა ჩემს არჩევანს. 2006 წელს შემეძლო გუნდიდან წასვლა, ზოგჯერ ამაზე ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ ცხოვრებამ ყველაფერი დამიბრუნა. 2006 წლიდან 2012 წლამდე ბევრი ვიტანჯე, მეკარე ვიყავი მაღალი დონის, მაგრამ ევროპული ასპარეზიდან ძალიან დაშორებული. თუმცა, ყოველთვის მჯეროდა, რომ შეგვეძლო „იუვენტუსი“ გამარჯვებული დაბრუნებულიყო.

ყველაზე მტკივნეული მომენტი? კარდიფის ფინალი (2017 წელს „რეალთან“ მარცხი ჩემპიონთა ლიგის ფინალში). არა დამარცხების გამო, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, არამედ იმიტომ, რომ მეორე ტაიმში დავიშალეთ. შევქმენით შთაბეჭდილება, რომ უმაღლეს დონეზე კონკურენტუნარიანი გუნდი არ ვიყავით. ერთია 0:1 წაგება და მეორე 1:4, ეს მწყინს სიამაყის გამოც. ასევე ცუდად მაგონდება მადრიდში ქამბექი „რეალთან“ (2018 წელს), როდესაც 3:1 მოვიგეთ. ამ მატჩის განმავლობაში ვამაყობდი, რომ ამ გუნდის კაპიტანი ვიყავი, ჩვენ ძალიან ცოტა შანსი გვქონდა, მაგრამ ძალიან ცოტა დაგვაკლდა. ამ თამაშის კადრები მას მერე ერთხელაც აღარ მინახავს. თუ მიტირია „იუვეს“ გამო? ძნელად შედეგის გამო ვიტორი, მაგრამ შეიძლება იყო მოწყენილი და გაბრაზებული. მადრიდში მატჩის შემდეგ თავს ამაყად ვგრძნობდი ამ კაცების გამო.

პარიზი? შემიძლია ვთქვა, რომ შესანიშნავი გამოცდილება იყო. ადამიანური თვალსაზრისით ძალიან ბევრი მომცა, გამზარდა. მსოფლიოს მოქალაქედ ვიგრძენი თავი. სპორტული თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ სტრატოსფერულ გუნდში ვთამაშობდი, ნეიმართან და მბაპესთან ერთად. დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდოდი.

ოდესმე თამაშის თუ მეშინოდა? მნიშვნელოვანი მატჩის დაწყებამდე ცოტა შიში ყოველთვის მაქვს. თამაშის დაწყებამდე 5 წუთით ადრე, როდესაც გასახდელში შევდივარ, ეს შიში 10-დან 9 შემთხვევაში ქრება. თუ არის რაიმე, რაც არასდროს მითქვამს თანაგუნდელისთვის, მენეჯერისთვის ან მწვრთნელისთვის? ვფიქრობ, მნიშვნელოვანი რაღაცები ყველას ვუთხარი. ვგრძნობდი, რომ მქონდა თანაგუნდელების, მენეჯერების და ტიფოზების პატივისცემა. ვგრძნობდი, რომ მათი ღალატი არ შემეძლო და რაც მეტი მქონდა პასუხისმგებლობა, მით უფრო ძლიერად ვგრძნობდი თავს. თუ გარკვეულ გზას გავყევი, ეს მათი წყალობით მოხდა.

BBC? ორი რამ მახსენდება: კავშირი, რომელიც მეგობრობაზე უფრო ძლიერია და მეორე ის, რომ ისინი ძალიან კარგი ბიჭები არიან. 3 კარგი ბიჭი, დღევანდელ ფეხბურთში ასეთი ხალხის პოვნა ძნელი იქნება. გასახდელი? ეს იყო მიქსი იტალიელებს, რომლებიც ჯგუფს მართავდნენ და უცხოელებს შორის. ჩვენ ყველას ხელგაშლილი ვესალმებოდით, მანჯუკიჩი აქ იყო 4-5 წლის განმავლობაში და წასვლა აღარ სურდა. ყველასთან კარგი ატმოსფერო იყო. ბევრი კარგი მოგონებაა, მგონი ყველა კარგად გრძნობდა ჩვენთან თავს.

გასახდელში ხმისთვის თუ ამიწევია? შეიძლება იყო, არ მახსოვს. ყველაზე მეტად „იუვეს“ გასახდელიდან რა მომენატრება? ჩემი ცხოვრების ეს თავი უნდა დაიხუროს, კარიერის დასრულებაზე ჯერ კიდევ 3 წლის წინ ვფიქრობდი, ახლა კიდევ უფრო თავდაჯერებული ვარ და არ ვწუხვარ, თუ შეჩერება მომიწევს. ბედნიერი ვარ, ლამაზი ოჯახი მყავს, ფეხბურთის გარედაც ბევრი ინტერესი მაქვს. მეოცნებე ადამიანი ვარ. „იუვეში“ მეორე მეკარედ დაბრუნება? თავიდან დიდად დარწმუნებული არ ვიყავი. მქონდა შესაძლებლობა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კარგ გუნდებთან მეთამაშა, გარდა ამისა, 41 წლის ასაკში ფიზიკურ პრობლემებზეც ვფიქრობდი და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ოჯახური მდგომარეობის გასაადვილებლად „იუვეში“ დაბრუნება საჭირო იყო. ასევე მინდოდა კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში, საკუთარ თავის გამოცდა. ეს იყო ძალიან მაგარი პირადი გამოცდილება, ამ გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა, ჩემი თანაგუნდელების პატივისცემა და იგივე არჩევანს კიდევ ერთხელ გავაკეთებდი. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს შჩესნისთან და პინსოლიოსთან.

რა არის „იუვე“ ჩემთვის? ეს არის რაღაც, როგორც ფეხბურთის მასტერი. მქონდა პატივი წარმომედგინა ეს კლუბი და მისი უამრავი გულშემატკივარი. თავს ბედნიერად ვგრძნობ, უფრო მეტის გაკეთება არ შემეძლო. ერთადერთი, რამაც შემაწუხა, ისაა, რომ გუნდის ენთუზიაზმი ცოტა შემცირდა ამ სეზონში პირველივე სირთულეების გამო. ნამდვილმა გულშემატკივრებმა გუნდი არ უნდა დამარხონ პირველივე სირთულეებზე. თუ „იუვეს“ ვგულშემატკივრობ, ჩემი ფეხბურთელები ძლიერები არიან მაისის ბოლომდე და არა თებერვლამდე. ასევე შემაშფოთა „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩემი თამაშის გამო გაკეთებულმა კომენტარებმა: „ბუფონი თამაშობს იმიტომ, რომ პირლოს მეგობარია“… საჩუქრები არასდროს მინდოდა, ამ ამბის გაგებამ, რომ ვიღაცას ჩემში ეჭვი ეპარებოდა, „იუვეს“ დატოვებისკენ მიბიძგა. ამასთან, ეს ნორმალურია, რადგან ხალხმა ასევე უნდა ნახოს ახალი მოთამაშეები და ახალი სიტუაციები.

რის გაკეთებას ვაპირებ? განტვირთვა მჭირდება. უნდა დავისვენო და ახალი ენერგია ვიპოვო ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის. არ მინდა ვინანო ჩემი გაკეთებული არჩევანი. კარიერის დასრულებაც შემიძლია, რადგან ვფიქრობ, უკვე საკმარისად ბევრი გავაკეთე. დღეს ბედნიერი ვარ? დიახ, ძალიან, მეტს არ ვითხოვ. ვიცი, რომ კიდევ უნდა გავაუმჯობესო რაღაცები, როგორც პიროვნებამ, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ ვიქეცი კაცად. მე რომ არ ვიყო კმაყოფილი ჩემი პიროვნებით, არც ბედნიერი ვიქნებოდი. მე სწორ გზაზე ვარ“, – თქვა ბუფონმა ვრცელ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსმა“ 2001 წელს „პარმადან“ შეიძინა. მან ტურინულ გუნდში 2018 წლამდე ითამაშა, შემდეგ პსჟ-ში გადავიდა, მაგრამ 2019 წელს იტალიურ კლუბს დაუბრუნდა და იქ კიდევ 2 წელი დაჰყო. „იუვეში“ მან ჯამში 19 სეზონი გაატარა და 685 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

შემთხვევითი სიახლე

ფაჯოლის ძმა: “ნიკოლომ “იუვეს” გამო უარი “მანჩესტერს” და “ინტერს” უთხრა”

ნიკოლო ფაჯოლის ძმამ, ალესანდრო ფაჯოლიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი ძმის შესახებ ვრცლად ისაუბრა. …

მილინკოვიჩ-სავიჩი, რაბიო და მაკკენი – “იუვეს” გეგმები ნახევარდაცვაში

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში რომის „ლაციოდან“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ყიდვას კიდევ ერთხელ ეცდება. იტალიური მედიის ცნობით, „ბიანკონერი“ …