მთავარი / სიახლეები / ფაჯიოლი: “ჩემი შთაგონების წყარო მოდრიჩია”

ფაჯიოლი: “ჩემი შთაგონების წყარო მოდრიჩია”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ნიკოლო ფაჯიოლიმ, რომელიც იჯარით „კრემონეზეში“ თამაშობს, Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა. 21 წლის ნახევარმცველის გუნდი სერია B-ში კარგ სეზონს ატარებს და სერია A-ს საგზურისთვის იბრძვის, ფაჯიოლის ოცნება კი „იუვეში“ დაბრუნება და იქ ფეხის მოკიდებაა.

– როგორია პიაჩენცელისთვის კრემონაში თამაში?

– ეს ყველაფერი ფანებისთვისაა. გუნდისთვის სულს ვთმობ, ეს ჩემი საქმეა და ვცდილობ ის კარგად გავაკეთო.

– „კრემონეზე“ სერია A-ს დონეზეა?

– ჩვენ ამისთვის ვთამაშობთ და ვიმსახურებთ იმ პოზიციაზე ყოფნას, რომელზეც ვართ. რთული იქნება სერია A-ს საგზურის მოპოვება, მაგრამ არა შეუძლებელი.

– როგორია სერია B-ში შენი პირველი სეზონი?

– სატურნირო ცხრილში უფრო მეტ სირთულეს ველოდი. ჩვენ კარგი, კომპაქტური გუნდი ვართ, სადაც ბევრი ახალგაზრდაა და ერთმანეთს ვეხმარებით. ეს არის ხარისხიანი ჩემპიონატი, რომელშიც ბევრი უნდა ირბინო. სერია A-ში ინდივიდუალური მოქმედებებით ხდება თამაშში განსხვავების შექმნა, აქ გუნდურ ორგანიზაციას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.

– სერია B-ში „იუვეს“ რამდენიმე ტალანტი თამაშობს. კვირას პიზაში ტურესა და ბერუატოს შეხვდები…

– ბერუატოს ძალიან კარგად ვიცნობ, ერთმანეთის ყოველთვის გვესმის.

– „იუვეში“ სწავლობდი იმას, რასაც კრემონაში პრაქტიკაში იყენებ…

– ბევრი ვისწავლე, როგორც ტექნიკურად, ისევ გასახდელში. დიდ პროფესიონალებთან ერთად ვვარჯიშობდი, როგორებიც არიან რონალდუ და კიელინი, რომლებიც ვარჯიშზე პირველები მიდიოდნენ და ბოლო მოდიოდნენ.

– ყველაზე ახლო ურთიერთობა ვისთან გაქვთ?

– მორატასთან. მას მაგიდის ჩოგბურთში ყოველთვის ვუგებდი, თუნდაც მან თქვას, რომ ასე არ იყო (იცინის).

– ალეგრიმ შენს შესახებ ერთხელ თქვა: „სასიამოვნოა მისი თამაშის ყურება, იცის, რომ გახსნას საკუთარი თავი, იცის როდის და როგორ უნდა გააკეთოს პასი. ასეთები ახალგაზრდული სექტორიდან ყოველდღე არ გამოდიან“…

– მან ეს თქვა აშშ-ში შეკრების შემდეგ. როცა ეს სიტყვები წავიკითხე, ძალიან მესიამოვნა.

– მაგრამ გასულ ზაფხულს ალეგრიმ დაგსაჯა…

– თამაშის წინა დღეს ვარჯიშზე დაგვიანების ბრალი იყო.

– თუმცა, სერია A-ში დებიუტი პირლოს დროს გქონდა: 2021 წლის 22 თებერვალს, „იუვე“-„კროტონეს“ მატჩში, როცა ბენტანკური შეცვალე…

– ამაღელვებელი იყო. თარიღი, რომლის ტატუც გავიკეთე. ეს იყო მომენტი, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი, რადგან მეც „იუვეს“ ფანი ვარ. 3:0-ს ვიგებდით და თავდაჯერებული ვიყავი. სამწუხაროა, რომ ცარიელი ტრიბუნების ფონზე ვითამაშეთ.

– პიანიჩმა ინსტაგრამში ერთ-ერთ ფოტოზე დაგიკომენტარათ: „მომავალი“. მისი მემკვიდრე ხართ?

– ძალიან რთული იქნება იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ძლიერია ის. ერთი წელი ვვარჯიშობდი მასთან ერთად, მეხმარებოდა და რჩევებს მაძლევდა. თუმცა, მე მოდრიჩი მირჩევნია, მისით შთაგონებული ვარ, მაშინაც კი, თუ ჩემი თმა უფრო ლამაზია (იღიმის).

– „იუვეში“ 2019 წელს შენთვის უმძიმესი მომენტი იყო, როდესაც გულის ოპერაცია გაგიკეთეს…

– ეს არის პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში მქონდა. ხშირად მქონდა შეტევები და თავბრუსხვევა თამაშის ან ვარჯიშის შემდეგ. შემდეგ გავიგე ამ პრობლემის შესახებ. ოპერაციამდე მეშინოდა, რომ ვეღარ ვითამაშებდი, თუმცა ოპერაციის მერე აღარ: ყველაფერი მოგვარებულია. სამი თვე გამიცდა, მხოლოდ იმას ვწუხვარ, რომ „სპალი“ – „იუვენტუსის“ მატჩი გამოვტოვე, რომელშიც ბევრმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ითამაშა.

– „კრემონეზეში“ ისევ შეხვდი პეკიას, რომელთანაც ერთად „იუვეს“ 23-წლამდე გუნდთან ერთად სერია C-ს იტალიის თასი მოიგე…

– კარგი ურთიერთობა გვაქვს. მან იცის გუნდის მართვა და კარგად გვათამაშებს.

– როგორ ბრუნდები ტურინში?

– ბევრ რამეს ვსწავლობ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი წელია, მაგრამ ასევე „კრემონეზესთვის“, რომელიც სერია A-ში დიდი ხანია არ ყოფილა.

– „იუვე“ წინასასეზონო შეკრებაზე წაგიყვანს…

– არ მინდა ამაზე ახლა საუბარი, რადგან მხოლოდ მიმდინარე სეზონზე ვარ კონცენტრირებული. არასდროს მითამაშია სერია A-ში აღზევებისთვის და „კრემონეზეში“ ამის შანსი მაქვს.

– მანჩინიმ ნაკრებში საწვრთნელ ბანაკში გამოგიძახა. რას ფიქრობდით?

– მეგობარმა მესიჯი გამომიგზავნა და ხუმრობა მეგონა. „აძური“ საუკეთესოა, მე გამოვიარე ყველა ასაკობრივი ნაკრები და ეს დიდებულია, როგორც „იუვე“, ორივეს გულშემატკივარი ვარ.

– მანჩინიმ ასევე გამოიძახა კარნესეკი და ოკოლი, ეს იანვარში იყო და მას შემდეგ „კრემონეზემაც“ ძალიან მოუმატა. უბრალოდ დამთხვევა იყო?

– მთავარი ის არის, მიწაზე დავრჩეთ. ეროვნულ ნაკრებზე მოგვიანებით ვიფიქრებთ. ჩვენ ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა გავიდეთ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ფაჯიოლის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. „კრემონეზეში“ მიმდინარე სეზონში მან 25 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო. ეს მხოლოდ პატარა დადებითი სიგნალია მისი დაბრუნებისკენ, თუმცა ჯერ თამაშის დაწყებამდე …

მილიკმა ვარჯიში გამოტოვა და “მაკაბისთან” თამაში საეჭვოა

ტურინის „იუვენტუსს“ ჰაიფას „მაკაბისთან“ შესაძლოა არკადიუშ მილიკი ვერ დაეხმაროს. პოლონელმა ფორვარდმა დღეს გუნდის ვარჯიში გამოტოვა …