ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოთხე ტურში შინ „სპეცია“ დუშან ვლაჰოვიჩისა და არკადიუშ მილიკის გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შედეგად დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას:
„სპეცია“ მეხუთე გუნდი გახდა, რომელსაც „იუვენტუსმა“ სერია A-ში საწყისი 5 მატჩიდან ყველა მოუგო „კიევოს“, „პესკარას“, „სამპიერდარენეზესა“ და „სიენას“ შემდეგ.
არკადიუშ მილიკი 350-ე ფეხბურთელია, რომელმაც „იუვეს“ მაისურით სერია A-ში გოლი გაიტანა. არეკმა იტალიის ჩემპიონატში გოლი 773 დღის შემდეგ გაიტანა (2020 წლის ივლისში, „ნაპოლი“ – „უდინეზეს“ მატჩში ჰქონდა მანამდე გატანილი).
„იუვემ“ მიმდინარე სეზონის 4 ტურში პირდაპირ ჯარიმიდან 2 გოლი გაიტანა, იმდენი, რამდენიც მანამდე სამი სეზონის განმავლობაში.
„იუვენტუსმა“ „სპეციას“ „ალიანც სთედიუმზე“ სამივე თამაში მოუგო (მთლიანი ანგარიში 6:0).
მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამჯერ მოხდა, რომ გუნდმა თამაში კარში დარტყმის გარეშე დაასრულა და ორ შემთხვევაში ეს გუნდი „სპეცია“ იყო („იუვესთან“ და „ინტერთან“).
დუშან ვალჰოვიჩი (22 წლის და 215 დღის) გახდა „იუვეს“ რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ს ზედიზედ ოთხ საშინაო მატჩში გოლი გაიტანა 1994 წლიდან მოყოლებული პაულო დიბალას შემდეგ (22 წლის და 70 დღის, 2016 წლის იანვარში).
დუშან ვლაჰოვიჩი 2004-2005 წლების სეზონიდან (მას მერე, რაც ამ მონაცემებს ითვლიან), „იუვენტუსის“ მეოთხე ფეხბურთელია, ვინც სერია A-ს ზედიზედ ორ შეხვედრაში გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა (პიანიჩის, პირლოსა და დელ პიეროს შემდეგ). ზოგადად კი, იმავე სეზონიდან ზედიზედ ორ მატჩში იტალიის ჩემპიონატში ჯარიმიდან გოლი 12-მა ფეხბურთელმა გაიტანა და დუშანი მათ შორის ერთადერთი ცაციაა.