„უდინეზეს“ მარჯვენა და მარცხენა მცველების, ნაუელ მოლინასა და დესტინი უდოგის მიმართ ინტერესს „იუვენტუსი“ იჩენს.
ფრიულელთა სპორტულმა დირექტორმა პიერპაოლო მარინომ არ უარყო ეს ცნობა. მან თქვა, რომ უდოგი სავარაუდოდ მომდევნო სეზონსაც „უდინეზეში“ გაატარებს, ხოლო მოლინა ალბათ ვერ შეინარჩუნებენ და იმედი გამოთქვა, რომ არგენტინელ მცველს „იუვე“ შეიძენს.
„უდოგის ამ ზაფხულს წასვლა ძნელად წარმოსადგენია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენთან ერთი წლით დარჩენით მას შესაძლებლობა ექნება თავისი ღირებულება გაიმყაროს, რადგან მხოლოდ ერთი სეზონით ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ძნელია ამ ღირებულების ამოცნობა. მოლინა კი არის ფეხბურთელი, რომლის შენარჩუნება გაჭირდება იტალიასა და უცხოეთიდან არსებული ინტერესის გამო. ასე რომ, ვიმედოვნებ, რომ მას იტალიური გუნდი დაიმატებს, რომელსაც გააძლიერებს. მჯერა, რომ „იუვენტუსს“ აქვს მისი შეძენის უნარი“, – თქვა მარინომ.