ტურინის „იუვენტუსში“ ანხელ დი მარიას ტრანსფერი ძალიან გაჭიანურდა და შესაძლოა, საერთოდ აღარ შედგეს.
არგენტინელი ფეხბურთელი შვებულებაშია და ჯერჯერობით, იტალიური გრანდისთვის არც დადებითი პასუხი გაუცია და არც უარყოფითი. როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, „იუვე“ დი მარიას პასუხს უსასრულოდ ვერ დაელოდება.
ჯოვანი ალბანეზე წერს, რომ „ბებერმა ქალბატონმა“ უკვე დაიწყო ალტერნატიულ ვარიანტებზე სერიოზული ფიქრი. ტურინელთა თვალთახედვის არეში ნიკოლო ძანიოლო და დომენიკო ბერარდი არიან.
თუმცა, დი მარიასთან მოლაპარაკებები ჩიხში არ შესულა, უბრალოდ კლუბი სამხრეთამერიკელს ჯერ კიდევ ელოდება.
შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია თავისუფალი აგენტია, შესაბამისად, ტურინულ გრანდს მისი დამატება უფასოდ შეუძლია. დი მარიას სურვილია, რომ მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდეს, რადგან შემდეგ სამშობლოში, „როსარიო სენტრალში“ დაბრუნება სურს.