იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში „იუვენტუსი“ სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ შესაძლოა ეს ძალიან გვიანი იყოს. მიუხედავად ამისა, „მილანთან“ მძიმე მარცხის მერე რეაბილიტაცია მაინც საჭირო იყო.
„იუვეს“ მატჩის დასაწყისში ძალიან გაუჭირდა „სასუოლოსთან“, რომელსაც ბოლო 6 ტურში ჩემპიონატში ყველაზე მეტი ქულა (16) ჰქონდა მოპოვებული. ძირითად შემადგენლობაში იყო ჯიჯი ბუფონი, რომელმაც დასაწყისშივე დაამტკიცა თავისი კლასი და დომენიკო ბერარდის პენალტი აუღო. პენალტის გარდა, მასპინძლები სახიფათოდ უტევდნენ, მაგრამ ანგარიში „იუვემ“ გახსნა. 28-ე წუთზე ადრიენ რაბიომ ითამაშა კარგად და შორი მანძილიდან ზუსტად დაარტყა. ტაიმის ბოლო წუთზე კი კრიშტიანუ რონალდუმ სხვაობა ორამდე გაზარდა და „იუვეს“ რიგებში მან მე-100 გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში რასპადორიმ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მალევე პაულო დიბალამ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. რონალდუს დარად არგენტინელისთვისაც ეს მეასე გოლი გამოდგა ტურინულ გრანდში. „იუვეს“ კიდევ ჰქონდა შანსები, მაგალითად, რონალდუს, რომელსაც ძელმა შეუშალა ხელი და იგივე დიბალას, რომელსაც მეკარემ აჯობა. თუმცა, ანგარიში აღარ შეცვლილა და „იუვენტუსმა“ 3:1 მოიგო, რის შედეგადაც 72 ქულა დააგროვა და ბრძოლაში დარჩა, მაგრამ შანსი ძალიან მცირეა, რადგან ამ ტურში მისმა კონკურენტებმა ძალიან იოლად მოიგეს – „ნაპოლიმ“ „უდინეზესთან“ 5:1, „მილანმა“ „ტორინოსთან“ 7:0 და „ატალანტამ“ „ბენევენტოსთან“ 2:0.
წინ კიდევ ორი ტურია, ანდრეა პირლოს გუნდი 15 მაისს, ტურინში „ინტერს“ უმასპინძლებს.
„სასუოლო“ – „იუვენტუსი“ 1:3 (0:2)
რეჯიო ემილია, „მაპეი სთედიუმი“
„სასუოლო“ (4-2-3-1): კონსილი; ტოლიანი (კირიკეში 56), მარლონი, ფერარი, კირიაკოპულოსი (როჯერიო 76); ობიანგი (ლოპესი 56), ლოკატელი; ბერარდი, ტრაორე (დეფრელი 56), ბოგა (ჯურიჩიჩი 77); რასპადორი
მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი
„იუვენტუსი“ (4-4-2): ბუფონი; დანილო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; კიეზა (კუადრადო 81), არტური (ბენტანკური 61), რაბიო, კულუშევსკი; დიბალა (მაკკენი 81), რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლები: 0:1 რაბიო (28), 0:2 რონალდუ (45), 1:2 რასპადორი (59), 1:3 დიბალა (66)
გაფრთხილება: მარლონი (18) – დანილო (24), კიეზა (33)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (3) – 14 (8) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: პიერო ჯაკომელი
Una serata, un numero per @cristiano e @PauDybala_JR 💯 in ⚫⚪ 👍#CR100 #JOYA100 pic.twitter.com/OM9hZc2pZD
— JuventusFC (@juventusfc) May 12, 2021