პოლ პოგბას ტრავმა სატრანსფერო ბაზარზე „იუვენტუსის“ გეგმებს ცვლის. ტურინელებს აქამდეც აინტერესებდათ და ახლა უფრო გაძლიერდება ინტერესი ლეანდრო პარედესის მიმართ.
პსჟ-ს ნახევარმცველი კრისტოფ გალტიეს გეგმებში არ არის და ის კარგად იცნობს იტალიასაც, სადაც „ემპოლისა“ და „რომას“ რიგებში თამაშობდა. თუმცა, პარედესის ტრანსფერი დიდწილად დამოკიდებულია არტურის მომავალზე და იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ ბრაზილიელის გასხვისებას „იუვე“ მოახერხებს.
გარდა ამისა, შეიძლება კლუბმა ნიკოლო როველას შენარჩუნებაც გადაწყვიტოს, რომელმაც ამხანაგურ მატჩებში კარგად წარმოაჩინა თავი, მაგრამ აქამდე მის განათხოვრებაზე აქტიურად იწერებოდა. უფრო მეტი დეტალი უახლოეს დღეებში გაირკვევა.
ფაქტია, რომ პოლ პოგბას ტრავმამ ტურინელთა რიგებში შეშფოთება გამოიწვია და კლუბს ნახევარდაცვის გაძლიერებაზე ფიქრი ისევ მოუწევს.