ტურინის „იუვენტუსს“ იტალიის ნაკრებისა და „ჩელსის“ ნახევარმცველ ჟორჟინიოს ბოლო დღეებში აქტიურად უკავშირებენ.
არახალია, რომ მასიმილიანო ალეგრის შემადგენლობაში სწორედ ჟორჟინიოს სტილის მოთამაშე არ ჰყავს, ე.წ რეჯისტა, რომელიც ნახევარდაცვაში დაცვის წინ ითამაშებს და შეტევებს წამოიწყებს. იტალო-ბრაზილიელი სწორედ ასეთი ფეხბურთელია.
Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ჟორჟინიოს იტალიაში დაბრუნება სურს და ზაფხულში თანახმაა „იუვეში“ გადავიდეს. ის ბოლო დროს „ჩელსის“ ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ვეღარ ხვდება, თანაც, კლუბს რომან აბრამოვიჩი ყიდის, რამაც შესაძლოა ლონდონურ გუნდში კრიზისი გამოიწვიოს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჟორჟინიოს გადაბირებას მაურიციო სარის დროსაც ცდილობდა, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა. Gazzetta Dello Sport-ის ჟურნალისტი ფაბაინა დელა ვალე იტყობინება, რომ ზაფხულში, როგორც ჟორჟინიოს, ისე პოლ პოგბას „იუვენტუსში“ გადასვლა შესაძლებელია და ერთის ტრანსფერი მეორეს ხელს არ შეუშლის.