პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ამის შესახებ ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს თანახმად, 29 წლის ფეხბურთელმა „იუვენტუსში“ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა და გადამწყვეტი ფაქტორი მასიმილიანო ალეგრისთან მუშაობა გამოდგა, რომელიც ფრანგს პროექტის მთავარ ნაწილად განიხილავს.
პოგბა „იუვესთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 7.5 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსები დაემატება, რითაც შეიძლება გასამრჯელო 10 მილიონ ევრომდე ავიდეს.
პოლ პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა და 178 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. ის ტურინულ კლუბს „მანჩესტერიდან“ 2012 წელს უფასოდ შეუერთდა და 4 წლის მერე ინგლისურ კლუბში 105 მილიონ ევროდ დაბრუნდა, ხოლო ახლა მანჩესტერელები მას ტურინში ისევ უფასოდ უშვებენ, რადგან პოგბას კონტრაქტი 30 ივნისს იწურება და მას არ გაახანგრძლივებს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში პოლ პოგბამ 2016 წლიდან დღემდე 226 თამაშში 39 გოლი გაიტანა.