ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ გადადგომაზე არ ფიქრობს. მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.
„გადადგომა არ მსურს. ერთი ქულაა სხვაობა ჩვენსა და ჩემპიონთა ლიგის ზონას შორის და კიდევ სამი თამაშია დარჩენილი. ფეხბურთმა გვასწავლა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამიტომ დიდი პოზიტივია საჭირო. ჩვენ შესანიშნავად უნდა ვითამაშოთ და ამის ბოლომდე გვჯეროდეს.
რონალდუსთან არ მისაუბრია, სჭირდება თუ არა დასვენება. მან ბევრი თამაში ჩაატარა და ბევრი გოლიც გაიტანა. ვნახოთ, როგორ იქნება დღეს და შემდეგ გადავწყვეტთ რა ვქნათ. დელიკატური მატჩი გველოდება და იმედი მაქვს, რომ ყველა ფეხბურთელი ჩემს განკარგულებაში იქნება.
ნედვედის და პარატიჩის კამათი ჩემს გამო? საუბარია ჭორებზე, გამოგონილ საკითხებზე საუბარი არ მსურს. გრავინას სიტყვები? ჩვენი მიზანია დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას და ამის გაკეთება მხოლოდ შედეგებიტ შეგვიძლია. გარე ფაქტორებზე და მოვლენებზე მე არ ვილაპარაკებ.
0:3 წაგება დიდი იმედგაცრუება იყო, მაგრამ ჩვენი მიზანი არ შეცვლილა, უნდა ვეცადოთ, რომ ყველა თამაში მოვიგოთ და ვიმედოვნებთ, რომ სხვები შეცდომებს დაუშვებენ, უნდა გვჯეროდეს. დანილო და არტური? კარგად არიან და ხვალ შეიძლება ორივე ძირითადში იყოს.
ჩემი გუნდი მონდომებით არ თამაშობს? ეს ხშირად მესმის, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ფუნდამენტურია. მარტო მონდომება არ კმარა. რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვთხოვდი ფეხბურთელებს, რომ მათგან ცეცხლი მენახა და ეს ხშირად ხდებოდა, ზოგჯერ კი არა.
ყოველთვის ვფიქრობთ ტრანსფერებზე, ზაფხულშიც და იანვარშიც. გვსურდა დიბალას ტრავმის გამო სხვა თავდამსხმელის დამატება, მაგრამ შესაფერისი შესაძლებლობა არ გამოჩნდა. მე ადაპტირებული ვიყავი ტრავმებთან და კოვიდსიტუაციასთან. მოედანზე არასდროს გამიყვანია ერთი და იგივე შემადგენლობა, რადგან ამის გაკეთება შეუძლებელი იყო.
მე არ მეშინია რა იქნება მომავალში. პირველ რიგში „იუვენტუსისთვის“ კარგი მინდა და ამაზე ვფიქრობ. შედეგები იმეტყველებს ჩემზე და იმაზე, ვიქნები თუ არა ამ გუნდის მწვრთნელი. კლუბი მთავარია.
არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობს, ყველამ პატივი უნდა სცეს ამ პრესტიჟულ მაისურს და არ შეიძლება ისე ვითამაშოთ, როგორც გუშინწინ. ვუშვებთ სულელურ შეცდომებს, მაგრამ ჩვენ „იუვე“ ვართ და ერთი ქულა გვაშორებს მეოთხე ადგილთან, დარჩენილ მატჩებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შეიძლება მუშაობა იდეებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ უნდა მოერგო იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გყავს. ვერ იყიდი 30 ახალ ფეხბურთელს, რომელიც მოგწონს, უნდა იცოდე, როგორ მოერგო ფეხბურთელების თვისებებს“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „სასუოლოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 12 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.