ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ იტალიის თასის ფინალში „ატალანტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი „ბოლონიასთან“ თამაშზე ჯერ არ ფიქრობს და მხოლოდ თასის ფინალზეა ორიენტირებული.
„მაღალ ტემპში თამაში იქნება საჭირო, ასეა, როდესაც „ატალანტას“ ვეთამაშებდით. ინტენსიურად უნდა ვითამაშოთ და ეს ვიცით. ჩვენ მზად ვართ მათ წინააღმდეგ სათამაშოდ და ვიცით, რას უნდა ველოდოთ. არ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან განსხვავებული თამაში იქნება სერია A-ში ჩატარებული წინა ორი მატჩისგან.
ახლა მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ. ფინალში ვართ და ტიტული თამაშდება, რომელიც უნდა აღვმართოთ. დანარჩენზე ხუთშაბათიდან ვიფიქრებთ. ჩვენ ეს გამოწვევა მოედანზე მოვიპოვეთ, როდესაც ნახევარფინალში „ინტერი“ დავამარცხეთ. დიდი სურვილი გვაქვს, რომ თასი მოვიგოთ.
ბონუჩი არ ითამაშებს, მას მუხლზე პრობლემა ჰქონდა ვარჯიშის დროს და დაზიანება აღენიშნება. „ბოლონიასთან“ თამაში? ჩვენ მხოლოდ ხვალინდელზე ვართ კონცენტრირებული. ჩვენი ენერგია ახლა იტალიის თასის ფინალზეა მიმართული, შემდეგ კი დანარჩენზე ვიფიქრებთ და ვისაუბრებთ.
მომავალი? ამ შეკითხვას უკვე ათასჯერ ვუპასუხე. მხოლოდ ჩემი საქმის კარგად გაკეთებაზე ვარ კონცენტრირებული, ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. მინდა, სეზონი შესანიშნავად დავასრულოთ და ბოლო ორი მატჩი მოვიგოთ. შემდეგ იქნება დრო იმისთვის, რომ მომავალზე ვისაუბრო.
ვინ ითამაშებს შეტევაში რონალდუსთან ერთად? არსებობს რამდენიმე ვარიანტი, ყველა თავდამსხმელი კარგადაა და ხვალ გადავწყვეტ ვინ ითამაშებს. გუნდი ფიზიკურდ უკეთაა და ძალიან კარგად გამოდის. ჩვენ სხვებზე ბევრს დავრბივართ და ბევრი სპრინტი გვაქვს, ასე იყო ბოლო თამაშშიც.
ფანების დასწრება? ენთუზიაზმის მომტანია. ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ ვითამაშეთ ფანების წინაშე, თითქმის 20 ათასი ადამიანი იყო და რა თქმა უნდა, სხვაობაა. ზოგი გუნდი მიჩვეულია ფანებთან ერთად თამაშზე. გვჭირდება გარკვეული სტიმული, რაც ყურადღებას გაზრდას იწვევს.
დიბალა კარგადაა და კარგად ვარჯიშობს. მან „სასუოლოსთან“ კარგად ითამაშა, ხოლო „ინტერთან“ არ ითამაშა, რადგან კაცნაკლულები ვიყავით. ის ჩვენს განკარგულებაშია.
გასპერინი? გამიმართლა, პირველივე წელს მეორე ფინალს ვთამაშობ, გასპერინის მრავალწლიან კარიერაში კი ეს ასევე მეორე ფინალი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი უნარების მწვრთნელია. ჩვენ განსხვავებულები ვართ, როგორც ხასიათით, ასევე გზის გათვალისწინებით. მან „ატალანტას“ ხელი შეუწყო ევროპაში დასამკვიდრებლად და დიდი მიღწევები აქვს, მე კი ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვარ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ მატჩი 19 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.