„იუვენტუსის“ ახალგაზრდული გუნდის სპორტულმა დირექტორმა ჯანლუკა პესოტომ ფაბიო მირეტიზე ისაუბრა, რომელმაც წინა ტურში „ვენეციასთან“ „იუვეს“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
„ძნელია რამდენიმე სიტყვით გამოხატო „იუვეს“ მთელი ახალგაზრდული სექტორის სიხარული. ყოჩაღ ფაბიო, ან ჩიკო, როგორც ჩვენ ვეძახით, ის იმსახურებს მწვრთნელისა და თანაგუნდელების ნდობას. ვეტერანივით ითამაშა და იმედია, ეს მისი დიდი კარიერის მხოლოდ პირველი მატჩი იქნება.
მთელი ახალგაზრდული გუნდი მას გულშემატკივრობდა. პირველ რიგში ლუიჯი მილანი, რომელმაც ის „იუვეში“ მოიყვანა. ეს იქნება სტიმული ყველა დანარჩენისთვის. მან აჩვენა სიმწიფე“, – თქვა პესოტომ.
შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ დააანონსა, რომ მირეტი პარასკევს, „ჯენოასთანაც“ ითამაშებს.