ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ დაადასტურა, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ შემდეგ მასიმილიანო ალეგრისთან საუბარმა ყველაფერი შეცვალა და ტურინში დარჩენა გადაწყვიტა.
„იყო რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის „ბარსელონაც“ და შემდეგ ისინი ალეგრისთან განვიხილე, რადგან პირველ თავდამსხმელად ვთამაშობდი, მაგრამ მე არ ვარ გამოკვეთილი ფორვარდი, რომელიც ფიზიკურად ძლიერია და ტანით თამაშობს. მე მჭირდება სივრცე სირბილისთვის. ალეგრიმ მითხრა, რომ სხვა თავდამსხმელი მოვიდოდა გუნდში და მე უფრო უკნიდან ვითამაშებდი, მეორე თავდამსხმელად. ამან დახურა ყველა კარი სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებისთვის.
მომავალი? იღბლიანი ვარ, რომ ჩემი შვილები და ცოლი მზად არიან ჩემი ბედნიერებისთვის ყველაფერი გააკეთონ. მათ მხოლოდ მამისა და ქმრის სიკეთე უნდათ. გამიმართლა, რომ ალიჩე ჩემს გადაწყვეტილებებს მხარს უჭერს. სანამ ერთად ვიქნებით, შეგვიძლია ნებისმიერ ადგილას წასვლა, მთვარეზეც კი“, – თქვა მორატამ.
შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატას ორწლიანი იჯარის ვადა ივნისში იწურება და ჯერჯერობით უცნობია, გამოისყიდის თუ არა მას „იუვენტუსი“. მიმდინარე სეზონში ესპანელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.