ტურინის „იუვენტუსში“ არკადიუშ მილიკის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მას 14-ნომრიანი მაისური გადასცეს. პოლონელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო ასეთ დიდ კლუბში თამაში და ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდს დაეხმაროს.
„ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია. მსგავს დიდ კლუბში მოხვედრა ჩემი მიზანი იყო და ახლა მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო. ვითამაშო, ბევრი გოლი გავიტანო და განვითარდე. მე და ვლაჰოვიჩი ერთად? მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში ჩავატარე, ბევრი დრო სავარჯიშოდ და ამის საცდელად არ არის. სხვა თავდამსხმელთან ერთად თამაში შემიძლია, ეს უკვე გავაკეთე ლევანდოვსკისთან, თუმცა, არჩევანი მწვრთნელზეა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მზად ვიყო.
დიახ, „იუვენტუსთან“ წარსულშიც ახლოს ვიყავი. საქმე სხვაგვარად მიდიოდა. ორი-სამი წლის წინ შეიძლებოდა, მაგრამ საბოლოოდ ასე არ მოხდა. წარსულში დიდად არ ვიყურები, მთავარია, ახლა რა არის. კმაყოფილი ვარ არჩევანით, ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. იმედი მაქვს, რომ ამ კლუბისთვის ბევრ გოლს გავიტან.
„რომა“ სკუდეტოს კანდიდატია? არ მინდა, მათზე საუბარი, მაგრამ სერია A-ში ყოველთვის მაღალი დონე იყო, ახლა კიდევ უფრო მეტად. 4-5 გუნდია, რომელსაც სკუდეტოზე ბრძოლა შეუძლია, ეს კიდევ უფრო რთულს ხდის გამარჯვებას.
ჩემი მიზანია შეტევა და გოლების გატანა. მწვრთნელის გადასაწყვეტია ვინ გავა მოედანზე და როგორ ვითამაშებთ. რა მოხდა „ნაპოლიში“? ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ყველას გვინდოდა. მინდოდა წასვლა და შემადგენლობის მიღმა დავრჩი. როცა „იუვენტუსის“ წინააღმდეგ თამაში მიწევდა, განსაკუთრებული მატჩები იყო. მე არ ვარ პირველი და არც უკანასკნელი, ვინც ორივე გუნდში ითამაშა. ახლა „იუვეში“ ვარ და მაქსიმუმს გავაკეთებ.
„მარსელი“? იყო პროექტი, მაგრამ რაღაცები შეიცვალა. ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ და მე მომეცი შანსი ასეთ გუნდში გადმოვსულიყავი, არჩევანი ადვილი იყო.
ძნელია ლევანდოვსკისა და ვლაჰოვიჩს შორის შედარების გაკეთება. დუშანი ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ძალიან ძლიერია. ლევანდოვსკი კარიერის სხვა მომენტშია, ორივე ძლიერია. ჩემი აზრით, დუშანს გაუმჯობესება კიდევ უფრო ძალიან შეუძლია. 22 წლისაა და ძლიერი ხასიათი აქვს, წინ დიდი მომავალი ელის.
შჩესნი? ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. გუნდში კარგი ატმოსფერო დამხვდა, ინფრასტრუქტურა წარმოუდგენელია, ყველაფერი ორგანიზებულია, უბრალოდ თამაშზე უნდა ვიფიქროთ“, – თქვა მილიკმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ არკადიუშ მილიკი „მარსელიდან ერთწლიანი იჯარით დაიმატა. მას დებიუტი „რომას“ წინააღმდეგ შეხვედრაში უკვე ჰქონდა.
1️⃣4️⃣ @arekmilik9 📸 pic.twitter.com/R7hA03yvGw
— JuventusFC (@juventusfc) August 29, 2022