ტურინის „იუვენტუსი“ ალექს სანდროს შემცვლელს ეძებს და ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას მარცხენა მცველით ეცდება.
ტურინულ გრანდს რამდენიმე ფეხბურთელი დაუკავშირეს, მათ შორის ახალგაზრდა იტალიელები, ანდრეა კამბიასო და დესტინი უდოჯი, მაგრამ არის სხვა სახელებიც. ბოლო ცნობებით, „იუვე“ ლისაბონის „ბენფიკას“ ესპანელი განაპირა მცველის, ალეხანდრო გრიმალდოს მიმართ იჩენს ინტერესს. თუმცა, კონკურენტიც ჰყავს – „ბარსელონა“, რომლის ღირსებას გრიმალდო აკადემიაში 2016 წლამდე იცავდა.
გრიმალდოს გარდა, „ბებერი ქალბატონის“ თვალთახედვის არეში არიან ემერსონ პალმიერი („ჩელსი“), რენენ ლოდი („ატლეტიკო“) და მატიას ოლივეირა („ხეტაფე“).
შეგახსენებთ, რომ ალექს სანდროს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ კლუბი მის გასხვისებას აპირებს, რადგან ბრაზილიელი ბოლო დროს მაღალ დონეზე ნამდვილად ვერ თამაშობს.