ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი კლაუდიო მარკიზიომ გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს გუნდი ძალიან აგონებს ლუიჯი დელ ნერის „იუვეს“, რომელმაც სეზონი ჩააგდო და მეშვიდე ადგილი დაიკავა.
„ცუდი სტარტის შემდეგ „იუვემ“ იპოვა მინიმალური სტაბილურობა, მაგრამ ნამდვილი იდენტობა არა. თითქმის ყველა თამაშში სხვადასხვა შემადგენლობას ვხედავთ, ეს ნიშნავს, რომ ალეგრიმ ძირითადი შემადგენლობის 11 ფეხბურთელი ვერ იპოვა. ალბათ, ეს ნულოვანი წელი იქნება. ვერ ვხედავ ამ „იუვეში“ იმას, რაც 2015-2016 წლების სეზონში მოხდა. მაშინ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები ვიყავით, დავკარგეთ პირლო და ვიდალი, სეზონის სტარტზე ბევრი ტრავმირებული გვყავდა და რეჯისტად პადიონი თამაშპბდა. პირიქით, ბევრ საერთოს ვხედავ დელ ნერის „იუვენტუსთან“, რომელმაც სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. გუნდს არც მაშინ და არც ახლა ბრძოლის სურვილი არ ჰქონდა. ეს განგაშის ზარი უნდა იყოს. ხშირად მესმის, რომ შემადგენლობა ცუდია, მაგრამ ასე არ არის. აქ არიან ევროპის ჩემპიონები, სხვადასხვა ნაკრებების ძირითადი შემადგენლობის წევრები. “იუვე” ბოლო წლებში შეიცვალა, დაკარგა დნმ, რაც ნიშნავს ყველა ბურთისთვის ბრძოლას და არასდროს დანებებას. არ მახსოვს “იუვე” ხშირად კარგად მოთამაშე, მაგრამ ყოველთვის დაუნდობელი იყო. ახლა ასე აღარ არის”, – თქვა მარკიზიომ.
შეგახსენებთ, რომ დელ ნერის „იუვენტუსში“ (2010-2011) თვითონ მარკიზიოც თამაშობდა, ისევე, როგორც 2015-2016 წლების სეზონში, როცა გუნდმა საშინელი სტარტის მიუხედავად ჩემპიონობა მაინც მოიპოვა.