ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ „ვილიარეალთან“ მატჩის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც კოლუმბიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ამ მატჩის ახსნა ძალიან რთულია და ეს მარცხი მალე უნდა დაივიწყონ.
„არ არსებობს ამ თამაშის ახსნა, ხანდახან ფეხბურთში ასე ხდება. კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, შანსები გვქონდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ამან გარკვეულწილად განაპირობა შედეგი. მეორე ტაიმში ბურთს ვფლობდით, ვცადეთ მომენტების შექმნა და სივრცეებს ვეძებდით, მაგრამ ისინი დაცვაში კარგად იყვნენ განლაგებული, ცუდია, რომ ასე დამთავრდა. თუმცა, ეს ფეხბურთია, ჩვენ უნდა ვეცადოთ წინ წავიდეთ და ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ.
ის გავაკეთეთ, რაც მწვრთნელმა გვთხოვა, ბურთის ფლანგიდან ფლანგზე გადატანა, რომ მეტი სივრცე შეგვექმნა. ვცდილობდით ამის გაკეთებას, მაგრამ მათ თავი კარგად დაიცვეს. ერთადერთი გზა იყო ჩაწოდებები, ასეც მოვიქეცით, თუმცა პირველ ტაიმში ეს ბევრად უკეთ გამოგვივიდა.
ფეხბურთი ასეთია, როცა აქამდე მიდიხარ, რთულია დიდ გუნდებთან თამაში. ფეხბურთი გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო ჯერზე უკეთ გამოვალთ ჩემპიონთა ლიგაზე. ნორმალურია, რომ დღეს და ხვალ გაბრაზებულები ვიქნებით, მაგრამ ჩემპიონატში მიზნები ჯერ კიდევ გვაქვს და უნდა ვეცადოთ ეს გვერდი სწრაფად გადავშალოთ და 100%-ით მზად ვიყოთ იმ მატჩებისთვის, რომლებიც ჩემპიონატში დაგვრჩა“, – თქვა კუადრადომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ვილიარეალთან“ ორი მატჩის ჯამში 1:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში ზედიზედ მესამედ გამოეთიშა.