ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „ატალანტასთან“ იტალიის თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ვეტერანი იტალიელი მცველის აზრით, ეს ფინალი 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის სცენარს ჰგავდა, მაგრამ საპირისპიროდ განვითარდა მოვლენები.
– როგორი კმაყოფილებაა? ასე განსაკუთრებულად იმიტიმ იზეიმეთ, რომ გულშემატკივებიც იყვნენ?
– რიტორიკული ფრაზა იქნება, რადგან ყველა ამას იტყვის, მაგრამ ასეა, რადგან ეს სხვა ცხოვრებაა. 20-25%-იც სხვა ცხოვრებაა, სხვა ატმოსფერო, სხვა ყველაფერი. ვფიქრობ, ორივე გუნდს მოეწონა ეს გარემო და სტიმული, მოტივაცია მისცა. მე კარგად ვარ, მშვიდად. აწმყოთი ვიღებ სიამოვნებას და ძალიან ბედნიერი ვარ ამ თვეების გამო. საბედნიეროდ ამ საღამოს მოვიგეთ, „მილანთან“ წაგების მერე მოვახერხეთ ბრძოლისა და თავგანწირვის სურვილის დაბრუნება. ახლა „ბოლონიასთან“ უნდა მოვიგოთ და შემდეგ ვნახოთ სხვები რას იზამენ. ბედნიერი ვართ, რომ სეზონში მეორე ტიტული მოვიპოვეთ, ამ გამარჯვებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ალბათ, 10 წლის განმავლობაში პირველად არ ვიყავით ფავორიტები და ამ მიზეზით გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია.
– მეორე ნახევარში ბევრად უფრო აგრესიულები იყავით…
– ეს ფინალი კარდიფის ფინალს ჰგავდა, ოღონდ შებრუნებულად. მაშინ კარგად დავიწყეთ და მეორე ტაიმში მადრიდის „რეალმა“ გვაჯობა. ამჯერად, მეტოქემ კარგად დაიწყო და მეორე ტაიმში ჩვენ ვაჯობეთ, გავიზარდეთ. რამდენიმე ნიუანსი გამოვასწორეთ, განსაკუთრებით პრესინგი და სიტუაცია გაუმჯობესდა, კარგად ვითამაშეთ.
– თქვენი აზრით, პირლო კიდევ ერთ შანსს იმსახურებს?
– მე და ჩვენ ყველამ ანდრეასთვის სული გავიღეთ, მაგრამ ფეხბურთელმა მსგავსი შეფასებები არცერთი გზით არ უნდა გააკეთოს. ურთიერთობა ყველასთან კარგია და ფეხბურთელები ყოველთვის ყველაფერს ვიღებთ. ასე იყო სარისთან და ალეგრისთანაც. თუმცა, ფეხბურთელებმა მსგავსი შეფასებები არ უნდა გააკეთონ.