მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მეკარემ იკერ კასილიასმა Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში ანხელ დი მარიას შესახებ ისაუბრა. ესპანელმა არგენტინელი, რომლის თანაგუნდელი „რეალში“ იყო, ძალიან შეაქო და აღნიშნა, რომ „იუვეს“ ის ნამდვილად გამოადგება.
„დი მარია დიდებული ტრანსფერია. ანხელი კიეზასთან, ვლაჰოვიჩთან და პოგბასთან ერთად – შესანიშნავი შემადგენლობაა. მას სურს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კარგად მოემზადოს. დი მარია ყურადღებიანი ბიჭია, რომელიც ძალიან ზრუნავს თავის ფიზიკურ კონდიციებზე. მას არასდროს მიუღია სერიოზული ტრავმები და ყოველთვის კარგ ფორმაშია.
ევროპაში ის ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობდა, დიდ კლუბებში და „იუვენტუსში“ ხარისხობრივ დონეს ასწევს. ნოემბერში მსოფლიოს ჩემპიონატია და ცალსახაა, რომ ეძებს გუნდს, სადაც რეგულარულად ითამაშებს და მუნდიალისთვის მოემზადება“, – თქვა კასილიასმა.