ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსის“ წარუმატებელ პერიოდზე ისაუბრა და თქვა, რომ მასიმილიანო ალეგრი ახლა ზუსტად იმავე ვითარებაშია, რომელშიც თვითონ იყო, როცა „მილანში“ დაბრუნდა (1996 წელს).
„ალეგრი განიცდის სიტუაციას, რომელსაც მე განვიცდიდი „მილანში“ დაბრუნების შემდეგ. ხედავ, რომ ყველაფერი კარგად არ მიდის, ცდილობ გადაჭრა პრობლემები, მაგრამ ვერ ახერხებ. ყველანაირად ცდილობ, თუმცა არ გამოდის. ვიცი, ის რასაც განიცდის. მე ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდებოდა, რომ ფეხბურთელები, რომლებიც ორი წლის წინ ყველაფერს იღებდნენ, ვეღარ მიკეთებდნენ იმას, რაც შეეძლოთ. ზუსტად იგივე ვითარება აქვს წელს „იუვეს“.
საჭიროა ტექნიკა და ხარისხი. „იუვეს“ საერთოდ არ უთამაშია იდეალური მატჩები, ისინი ვერ ახერხებენ მეტოქის ნახევარზე მეტოქისთვის პრობლემების შექმნას, მათ არ ჰყავთ ამისთვის საჭირო თვისებების მქონე მოთამაშეები. კუადრადო აღარ არის ისეთი, როგორიც იყო, ვერავინ ახერხებს შეტევაში რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებას, ნახევარმცველები კარგები არიან, მაგრამ ბოლო პასებში ხარისხი აკლიათ“, – თქვა კაპელომ.