მთავარი / სიახლეები / “იუვე” ისევ მერვედფინალში გავარდა

“იუვე” ისევ მერვედფინალში გავარდა

ტურინის „იუვენტუსისთვის“ ჩემპიონთა ლიგა ისევ მერვედფინალში დასრულდა, ასე მოხდა ზედიზედ მესამე სეზონში… თუმცა, მარცხიც არის და მარცხიც. ასე არც მაურიციო სარი შერცხვენილა და არც ანდრეა პირლო.

მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსმა“ „ვილიარეალთან“ შინ 0:3 წააგო. ორრაუნდიან დაპირისპირებაში ტურინელებმა გოლი 33-ე წამზევე გაიტანეს, მაგრამ ჯერ პირველი თამაშის მთელი დრო და მერე მეორე მატჩის, უგოლოდ განვლეს. „იუვე“ 78 წუთის განმავლობაში კარგი იყო, რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ ხან მეკარე და ხან ძელი ესპანელებს მშველელად ევლინებოდნენ.

78-ე წუთზე კი „ვილიარეალმა“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. უნაი ემერის გუნდს მანამდე კარში არ ჰქონდა დარტყმული, მაგრამ ეს საკმარისი გამოდგა ჟერარ მორენოს გაეტანა და ყველაფერი გადაეწყვიტა. დიახ, პირველმა გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა, რადგან შემდეგ „იუვენტუსი“ აბსოლუტურად დემორალიზებული იყო და კიდევ ორჯერ გაუშვა, ჯერ პაუ ტორესისგან და მერე დანჯუმასგან ისევ პენალტით. სხვათა შორის, „ვილიარეალმა“ კარში სამჯერ დაარტყა და სამჯერვე გოლი გაიტანა.

„იუვენტუსს“ შეუძლია მხოლოდ ჩემპიონატზე და თასის გათამაშებაზე იფიქროს. ჩემპიონთა ლიგას “ბებერი ქალბატონი” ბოლო ოთხ სეზონში ისეთ გუნდებთან გამოეთიშა, როგორებიც „აიაქსი“, „ლიონი“, „პორტუ“ და „ვილიარეალია“, თანაც ყველა შემთხვევაში საპასუხო მატჩს შინ ატარებდა. ეს ტურინელთათვის ძალიან დამაფიქრებელი დამთხვევაა.

„იუვენტუსი“ – „ვილიარეალი“ 0:3 (0:0) – ორი მატჩის ჯამში: 1:4

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, რუგანი (დიბალა 79), დე შილიო; ლოკატელი (ბერნარდესკი 83), არტური, რაბიო; კუადრადო, ვლაჰოვიჩი, მორატა (კინი 85)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ვილიარეალი“ (4-4-2): რული; ორიე, ალბიოლი, ტორესი, ესტუპინიანი; პინო (ჩუკვუეზე 65), პარეხო (პედრასა 86), კაპუ, ტრიგეროსი (კოკელნი 64); ლო ჩესლო (მორენო 74), დანჯუმა

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 0:1 მორენო (78, პენ), 0:2 ტორესი (85), 0:3 დანჯუმა (90, პენ)

გაფრთხილება: დე ლიხტი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 8 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: შიმონ მარჩინაკი (პოლონეთი)

შემთხვევითი სიახლე

ბუფონი: “იუვე” სეზონის განახლების შემდეგ შეიძლება შეუჩერებელი იყოს”

„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ მასიმილიანო …

ფილიპ კოსტიჩი სერია A-ში ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფილიპ კოსტიჩი იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია A-ში ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. …