„იუვენტუსის“ ქალთა გუნდი იტალიის ჩემპიონი გახდა და სკუდეტო ზედიზედ მეხუთედ მოიგო.
ჯო მონტერუმოს გუნდმა სერია A-ს ბოლოსწინა ტურში შინ „სასუოლო“ 3:1 დაამარცხა და ჩემპიონობა გაინაღდა. პირველ ტაიმში ბარბარა ბონანსეამ და კრისტიანა ჯირელიმ გაიტანეს, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე სტუმართა ერთი გოლი მოჰყვა, მაგრამ 64-ე წუთზე ლიზა ბოატინმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„იუვემ“ 21 ტურში 56 ქულა დააგროვა (18 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება) და უახლოეს მდევარ „რომას“ 5 ქულით უსწრებს, დარჩენილი კი მხოლოდ ერთი ტურია. ტურინელები ბოლო ტურში 15 მაისს, სტუმრად „მილანს“ შეხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალშიცაა გასული, სადაც 22 მაისს, „რომას“ შეხვდება. გარდა ამისა, გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად გავიდა, სადაც ქალთა ფეხბურთის მთავარ გრანდ „ლიონთან“ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 3:4 დამარცხდა (2:1, 1:3). ასე რომ, მამაკაცებისგან განსხვავებით, „იუვენტუსის“ ქალთა გუნდს ძალიან წარმატებული სეზონი ჰქონდა.
აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსის“ ქალთა გუნდი 2017 წელს დაარსდა და მას შემდეგ რაც სერია A-ში თამაშობს, ყველა სეზონში ჩემპიონი გახდა (2018, 2019, 2020, 2021, 2022).
Records broken 💪
Unforgettable memories made 🥰
Another Scudetto secured 🏆🏆🏆🏆🏆Quite simply, #𝙵𝙰𝙽𝚃𝙰𝟻𝚃𝙸𝙲! 👏 pic.twitter.com/C3hXrUUAgp
— #FANTA5TIC 🏆🏆🏆🏆🏆 (@JuventusFCWomen) May 7, 2022