ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს ახალ სეზონში წარმატებული სტარტი აიღო და „სასუოლო“ დამაჯერებლად დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ „სასუოლომ“ კარისკენაც და კარშიც უფრო მეტჯერ დაარტყა, ანგარიში საპირისპიროზე მეტყველებს – 3:0.
სეზონის პირველი გოლი ანხელ დი მარიას ანგარიშზეა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა. დი მარიამ 26-ე წუთზე მარცხენა ფეხით ეფექტური გოლი გაიტანა. შემდეგ კი, დუშან ვლაჰოვიჩის ჯერი დადგა, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს თავისივე მოპოვებული პენალტი აქცია გოლად, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე დი მარიას პასით დუბლი გაიფორმა.
უნდა აღინიშნოს, რომ დი მარია ტრავმის გამო შეცვალეს, რომლის ხარისხი მოგვიანებით გაირკვევა, მაგრამ არგენტინელი სათადარიგო სკამზე საკმაოდ დამწუხრებული და შეშფოთებული იყო.
ამრიგად, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კარგად დაიწყო, მომდევნო ტურში კი 22 აგვისტოს, სტუმრად „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.
„იუვენტუსი“ – „სასუოლო“ 3:0 (2:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-3-3): პერინი; დანილო, ბონუჩი, ბრემერი, ალექს სანდრო (დე შილიო 61); ზაკარია, ლოკატელი (როველა 76), მაკკენი (სულე 76); დი მარია (მირეტი 66), ვლაჰოვიჩი, კუადრადო (კოსტიჩი 61)
გოლები: 1:0 დი მარია (26), 2:0 ვლაჰოვიჩი (43, პენ), 3:0 ვლაჰოვიჩი (51)
გაფრთხილება: ლოკატელი (16)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 18 (7) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 4:2