ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე, როგორც იქნა ქულები მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ჰაიფას „მაკაბი“ დაამარცხა და ზედიზედ ორი წაგების მერე მოიგო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანხელ დი მარია იყო, რომელმაც სამი საგოლე პასი გააკეთა. ეს იმის მიუხედავად, რომ ადრიენ რაბიომ ტურინულ კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა.
სწორედ ფრანგმა გახსნა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, რომელიც დი მარიამ მაგარ პოზიციაში დატოვა. მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინელმა მეკარესთან პირისპირ დუშან ვლაჰოვიჩი გაიყვანა და სხვაობა გაზარდა. დი მარიამ სერბი ფორვარდი მეკარეს ცოტა ხანშიც შეატოვა და დუშანმა გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. სხვათა შორის, ვლაჰოვიჩმა ბევრი საგოლე მომენტი გაანიავა, ჯერ კიდევ 0:0-ზე ორი რეალური მომენტი გაატანა ქარს, მერე 2:0-ზე მეკარეს პირისპირ ვერ აჯობა. გამოუყენებელი მომენტების გამო ტურინელები დაისაჯნენ და 75-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს. ამის შემდეგ „მაკაბი“ უპირატესობას დაეუფლა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, ორჯერ ბურთი სტუმრებმა ძელსაც გაარტყეს.
„იუვეს“ ნერვიულობა მოუწია, მაგრამ 83-ე წუთზე დი მარიას მორიგი პასით რაბიო გაიტანა, დუბლი შეასრულა და თამაშს წერტილი დაუსვა. ბოლოს მეკარეს პირისპირ მოიზე კინმაც ვერ აჯობა.
საბოლოოდ „იუვენტუსმა“ 3:1 მოიგო და 3 ქულა დააგროვა, მომდევნო ტურში კი იმავე „მაკაბის“ სტუმრად შეხვდება. „იუვესთვის“ არცთუ სასურველი შედეგი დაფიქსირდა „ბენფიკასა“ და პსჟ-ს მატჩში, რომელშიც გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს. შედეგად, მათ ტურინული კლუბი 4-4 ქულით ჩამორჩება და ისევ რთულ სიტუაციაშია.
„იუვენტუსი“ – „მაკაბი“ 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 რაბიო (35), 2:0 ვლაჰოვიჩი (50), 2:1 დავიდი (75), 3:1 რაბიო (83)