ტურინის „იუვენტუსის“ სატრანსფერო გეგმები აქტუალური საკითხია. ზაფხულში კლუბში ცვლილებები უნდა მოხდეს, რადგან ეს მიმდინარე სეზონმა ნათლად გამოაჩინა.
როგორც Corriere Dello Sport-ი წერს, შესაძლოა, ერთ-ერთი „მსხვერპლი“ პაულო დიბალა გამოდგეს. არგენტინელს კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და დიდი ხანია უკვე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. აქედან გამომდინარე მომდვენო ზაფხული ბოლო შანსია, არგენტინელის სანაცვლოდ კლუბმა ფინანსური მოგება ნახოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კონტრაქტს არ განაახლებენ, 2022 წელს ის თავისუფალი აგენტი გახდება.
პაულოს ტრავმამ ყველაფერი გაართულა. დიბალა 10 იანვარს დაშავდა და თავიდან მხოლოდ სამი კვირა უნდა ეუქმა, მაგრამ უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა და არ დაბრუნებულა. რაც საგანგაშოა, ჯერაც არ იციან ექიმებმა, როდის გამოჯანმრთელდება დიბალა. ყოველშემთხვევაში, ეს აპრილამდე არ მოხდება.
აქედან გამომდინარე კლუბმა შესაძლოა დიბალას გაშვება საბოლოოდ გადაწყვიტოს. Corriere Dello Sport-ი წერს, რომ ტურინში დიბალას ორ ფეხბურთელში გაცვლაზე ფიქრობენ.
ერთი მაურო იკარდია და არაა გამორიცხული პსჟ-ს ამ ბარტერზე საუბარი დაუწყონ. იკარდისთან გაცვლაზე ჯერ კიდევ 2019 წელს იყო აქტიური საუბარი, მაგრამ მაშინ გარიგება არ შედგა. მეორე და უფრო რთული, მაგრამ შესაძლებელი გზა „ბარსელონასთან მოლაპარაკება და ანტუან გრიზმანში გაცვლაა. ფრანგმა ესპანურ გუნდში მოლოდინი ვერ გაამართლა და არაა გამორიცხული კლუბმა ის დათმოს, ხოლო დიბალა „ბარსასთვის“ საინტერესო ფიგურა ამ წლებში არაერთხელ ყოფილა.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ Corriere Dello Sport-ს ვარაუდია, თუმცა მხოლოდ ამ ეტაპზე და შესაძლოა, მოვლენები მართლაც ისე განვითარდეს, როგორც გავლენიანი გამოცემა ვარაუდობს.