ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში სტუმრად „ლეჩე“ 1:0 დაამარცხა და იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო.
მასიმილიანო ალეგრის გუნდი „ვია დელ მარეზე“ უდიდესი დანაკლისით ჩავიდა და ერთბაშად 10 ფეხბურთელი აკლდა ტრავმების გამო, მათ შორის, ფედერიკო კიეზა, პოლ პოგბა, გლეისონ ბრემერი, დუშან ვლაჰოვიჩი, ანხელ დი მარია, მანუელ ლოკატელი და ლეანდრო პარედესი.
„იუვეს“ იოლად არ მოუგია, რაც გასაკვირი არაა, მატჩის გმირი კი ნიკოლო ფაჯოლი გახდა. ის ალეგრიმ თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისშივე ვესტონ მაკკენის ნაცვლად ჩართო და ახალგაზრდა იტალიელმა 73-ე წუთზე ულამაზესი გოლით გადაწყვიტა მატჩის ბედი. ეს ფაჯოლის სადებიუტო გოლია „იუვენტუსის“ რიგებში.
„იუვეს“ სხვა მომენტებიც ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენეს, ხოლო გოლის შემდეგ მეტოქეს დაუთმეს ბურთი, რის გამოც ბოლო წუთზე კინაღამ დაისაჯნენ, მაგრამ ტურინული გრანდი ძელმა იხსნა.
„იუვენტუსმა“ 22 ქულა დააგროვა და მომდევნო მატჩს პსჟ-სთან ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში წინ „ინტერთან“ თამაში ელოდება.