მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის შემდეგ შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ პსჟ-სთან შეხვედრა „იუვესთვის“ მნიშვნელოვანი არაა და მათ გადამწყვეტი დაპირისპირება „ბენფიკასთან“ ელით, პსჟ-ზე უფრო მნიშვნელოვანი თამაშები კი „სალერნიტანასა“ და „სპეციასთან“.
ამის გამო ალეგრი ბევრმა გააკრიტიკა, მათ შორის, იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიო რავეცანიმ:
„ალეგრის უნდა ესმოდეს, რომ ამ თამაშის ხარისხით კმაყოფილება მხოლოდ სასაცილო მდგომარეობაში აყენებს მას. პსჟ-სთან თამაშის წინ გაკეთებული განცხადება კი უბრალოდ მიუღებელია ყველასგან, ვინც ისეთ დიდებულ კლუბს წვრთნის, როგორიც „იუვენტუსია“. მისი განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ მან დაკარგა კავშირი იმ გარემოსთან, რომელშიც მუშაობს“, – წერს რავეცანი ტვიტერში.
იტალიელ ჟურნალისტს კომენტარები გულშემატკივრებმა დაუწერეს, საიდანაც ერთ-ერთი ასეთია: „სერიოზული კლუბი მას ამ განცხადების შემდეგ დღესვე გააგდებდა, მაგრამ აშკარაა, რომ მას კლუბში უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ხელმძღვანელობას“.