ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „პარი სენ ჟერმენს“, „ბენფიკასა“ და ჰაიფას „მაკაბის“ (H ჯგუფი) დაუპირისპირდება. სამივე გუნდთან ტურინულ გრანდს თამაშის გამოცდილება აქვს, ორთან დადებითი, ერთთან – უარყოფითი ბალანსით.
„იუვენტუსი“ „პარი სენ ჟერმენს“ აქამდე ოფიციალურ მატჩებში 8-ჯერ შეხვდა და არასდროს დამარცხებულა – 6 მოგება, 2 ფრე.
ევროპის სუპერთასზე ტურინელებმა 1996 წელს პარიზში 6:1 მოიგეს, ხოლო საპასუხო მატჩი მასპინძლის სტატუსით პალერმოში გამართეს და ისევ იმარჯვეს – 3:1. ცხადია, სუპერთასი მარჩელო ლიპის გუნდს ერგო, რომელმაც მეტოქე ორი თამაშის ჯამში 9:2 გაანადგურა.
ორი მატჩი შედგა თასების თასზე და ორჯერვე ფრე დაფიქსირდა – 0:0 და 2:2. ოთხჯერ გუნდები უეფას თასზე (ახლანდელი ევროპა ლიგა) შეხვდნენ და ოთხივე თამაში ტურინელებმა მოიგეს. 1989-1990 წლების სეზონში მეორე ეტაპზე „იუვემ“ 2:1 (შინ) 1:0 (სტუმრად) იმარჯვა, ხოლო 1992-1993 წლების სეზონში ნახევარფინალში იდენტური შედეგი დაფიქსირდა: 2:1 ტურინში და 1:0 პარიზში.
ისე უნდა ვთქვათ, რომ ბოლოს ეს გუნდები 2017 წლის ზაფხულში ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ და მაშინაც „იუვენტუსმა“ მოიგო – 3:2. როგორც ხედავთ, ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეს“ პსჟ-სთან თამაში პირველად მოუწევს.
ჰაიფას „მაკაბის“ ტურინული გრანდი ორჯერ შეხვდა და სწორედ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. 2009-2010 წლების სეზონში „იუვემ“ სტუმრად მაურო კამორანეზის, ხოლო შინ ჯორჯო კიელინის გოლით მოიგო – 1:0, 1:0. სხვათა შორის, მაშინ ორივე გუნდი ჯგუფში ჩარჩა…
სამაგიეროდ, „იუვეს“ უარყოფითი ბალანსი აქვს „ბენფიკასთან“ – 6 მატჩი, 1 მოგება, 1 ფრე და 4 წაგება. ბოლო ოფიციალური დაპირისპირება 2013-2014 წლების სეზონში ევროპა ლიგის ნახევარფინალში შედგა. ლისაბონში, მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, ხოლო ტურინში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. არადა, იმ სეზონის ფინალი „იუვენტუს სთედიუმზე“ იყო… „იუვენტუსმა“ „ბენფიკა“ ისტორიაში ერთადერთხელ დაამარცხა – უეფას თასზე 1992-1993 წლების სეზონში, ტურინში – 3:0.
აქვე გეტყვით, რომ ჯგუფური ეტაპი 6 სექტემბერს დაიწყება, თუმცა ჯერ კალენდარი ცნობილი არაა.