ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დუშან ვლაჰოვიჩმა განაცხადა, რომ მისით „არსენალიც“ დაინტერესებული იყო, მაგრამ მას სხვა კლუბები არ აინტერესებდა და თამაში მხოლოდ ტურინულ გრანდში სურდა. სერბი ფიქრობს, რომ მისი და „იუვეს“ დნმ იდენტურია.
„მხოლოდ ერთ კლუბზე ვფიქრობდი, რადგან „იუვენტუსი“ „იუვენტუსია“. მეტი სათქმელი არაფერია. ახლა კი მაქვს პატივი და ამ მაისურს ვატარებ. ყოველჯერზე, როცა ვიცვამ ამ მაისურს, წარმოუდგენელი გრძნობაა, მათი დნმ ნამდვილად ჰგავს ჩემსას. „იუვენტუსის“ ხასიათი შეესაბამება ჩემს ხასიათს, როცა ამ გუნდში ხარ, არასდროს ნებდები, სულ იბრძვი, მსხვერპლს იღებ, სწორედ ეს მინდოდა.
მომწონს წნეხის ქვეშ თამაში. მომწონს დიდი მოლოდინი, რადგან მომწონს ადრენალინი, რომელიც ამ დროს არსებობს. ზედმეტი წნეხი არასდროს განმიცდია, შესაძლოა ახალგაზრდობაში უფრო ვგრძნობდი, მაგრამ ახლა არა და 10 წლის მერე უფრო ვიგრძნობ. დიდად არ მაინტერესებს, როცა წნეხზე საუბრობენ.
დასვენება არასდროს მინდა. კონცენტრირებული ვარ 24 საათი, კვირაში 7 დღე. ფეხბურთის მატჩებს სახლშიც ვუყურებ, რაც მსიამოვნებს, მაგრამ ამას ასევე იმისთვის ვაკეთებ, რომ გავაუმჯობესო ჩემი თამაში და ვისწავლო. უყურებ სხვის თამაშებს და შენს თავს წარმოიდგენ. ამბობ: „გავაკეთებდი ამას თუ სხვანაირად მოვიქცეოდი?“ ასევე მომწონს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის გატარება. არ მიყვარს ვიდეო თამაშები, კარგად არ გამომდის. მირჩევნია სეირნობა, ადრე კითხვის დროც მქონდა, ახლა აღარ. ყველაფერს ფეხბურთს ვუძღვნი და ეს ჩემი თავგადასავლის დასაწყისია. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, – თქვა ვლაჰოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსს“ იანვარში შეუერთდა და 21 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა.