ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოთხე ტურში „სპეციას“ უმასპინძლა და რთული, მაგრამ გამარჯვება მოიპოვა.
მასიმილიანო ალეგრის გუნდი მერვე წუთზე დუშან ვლაჰოვიჩმა დააწინაურა, რომელმაც როგორც „რომასთან“, ახლაც ულამაზესი ჯარიმა გაიტანა. საინტერესოა, რომ იგივე პოზიციიდან, იგივე კარში, თან მაშინაც ფაბიო მირეტის პასის მერე ხუან კუადრადო წააქციეს – ამჯერადაც იგივე განმეორდა. ვლაჰოვიჩმა ჯარიმა ისევ იდეალურად შეასრულა და ანგარიში გახსნა.
ვლაჰოვიჩი 2004 წლის შემდეგ (რაც ამ სტატისტიკას ითვლიან), „იუვეს“ მეოთხე ფეხბურთელია ალესანდრო დელ პიეროს, ანდრეა პირლოსა და მირალემ პიანიჩის მერე, ვინც ზედიზედ ორ თამაშში ჯარიმა გაიტანა.
დაწინაურებულ „იუვეს“ გაუჭირდა და მომენტებს პრაქტიკულად ვერ ქმნიდა. თუმცა, მეორე გოლი მაინც გაიტანა, რომელიც არკადიუშ მილიკის ანგარიშზეა. პოლონელმა ეს მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გააკეთა და 350-ე ფეხბურთელია „იუვეს“ ისტორიაში, ვინც გოლი გაიტანა. მილიკს საგოლე პასი ფაბიო მირეტიმ გაუკეთა, რომელმაც ისევ ბრწყინვალედ ითამაშა და 19 წლის ნახევარმცველი მოედანზე საუკეთესო იყო. ალეგრის გუნდისთვის კიდევ ერთი კარგი ამბავი მოხდა – დაბრუნდა ანხელ დი მარია, თუმცა, ტრავმა მიიღო ვოიცეხ შჩესნიმ, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
„იუვენტუსს“ 8 ქულა აქვს და ლიდერ „რომას“ ორი ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი 3 სექტემბერს, სტუმრად „ფიორენტინას“ შეხვდება.