მთავარი / სიახლეები / სერია A / ემოციური და ნაღვლიანი საღამო ტურინში

ემოციური და ნაღვლიანი საღამო ტურინში

სერია A-ს 37-ე ტურში „იუვენტუსმა“ „ლაციოს“ უმასპინძლა და სეზონის ბოლო საშინაო მატჩი ვერ მოიგო – 2:2.

„იუვე“ პირველივე ტაიმში დუშან ვლაჰოვიჩისა და ალვარო მორატას გოლებით დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ორჯერ გაუშვა. ჯერ ტაიმის დასაწყისში ალექს სანდრომ ავტოგოლი მიითვალა, მერე მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წამზე სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა გაათანაბრა და „ლაციომ“ ევროპა ლიგის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.

„იუვენტუსისთვის“ ეს თამაში არაფერს წყვეტდა, მეოთხე ადგილი გარანტირებული აქვს. მნიშვნელოვანი სხვა რამ იყო – ტურინელები ჯორჯო კიელინისა და პაულო დიბალას დაემშვიდობნენ.

კიელინიმ „იუვეში“ 17 წელი გაატარა და სიმბოლურად, მე-17 წუთზე შეცვალეს, რასაც უდიდესი ოვაციები მოჰყვა. ჯორჯომ ფანებს ავტოგრაფები დაურიგა, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ მისთვის სპეციალური შოუ გაიმართა და ტიფოზებთან დამშვიდობების შესაძლებლობა მისცეს. ჯორჯო ღიმილით წავიდა, ყველაფერს პოზიტიურად შეხვდა.

აი, სხვაგვარად იყო პაულო დიბალას საქმე, რომელმაც ბევრი იტირა. მან „იუვეში“ 7 წელი ითამაშა და კონტრაქტი, რომელიც იწურება, არ გაუხანგრძლივეს, დიბალამ ცრემლები ვერ შეიკავა და მართლაც ემოციური იყო იმის ყურება, რაც „ალიანც სთედიუმზე“ ხდებოდა…

560 მატჩი და 36 გოლი – ეს ჯორჯო კიელინის მონაგარია, 292 მატჩი და 115 გოლი, ეს კი პაულო დიბალას სტატისტიკა. „იუვენტუსში“ ორი დიდი ეპოქა დასრულდა.

„იუვენტუსი“ – „ლაციო“ 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (10), 2:0 მორატა (36), 2:1 ალექს სანდრო (51, ა.გ), 2:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (90)

შემთხვევითი სიახლე

“იუვე” – “ატალანტა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-19 ტურში „ატალანტას“ საკუთარ მოედანზე დაუზავდა (3:3). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს …

ფერერო და სკანავინო ფეხბურთელებს: “ახლა, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ჯანლუკა ფერერო და აღმასრულებელი დირექტორი მაურიციო სკანავინო ფეხბურთელებს შეხვდნენ. კლუბის ახალმა ხელმძღვანელებმა …