ტურინის „იუვენტუსმა“ ანხელ დი მარია ოფიციალურად წარადგინა. არგენტინელმა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ „იუვეში“ ტიტულების მოსაგებადაა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ამ მაისურის ჩაცმა შემიძლია. ყველამ სიყვარულით მიმიღო. აქ მოვიდა ჩვეულებრივი დი მარია, რომელსაც ნებისმიერ ფასად გამარჯვება უნდა და ვისაც წაგება არ უყვარს. ამ კლუბმაც ამიტომ ამირჩია. მეც და მათაც ყოველთვის გვინდა გამარჯვება. ჩემი იდეა იყო არგენტინაში დაბრუნება, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი იცვლება. ვეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო. ახლა მხოლოდ „იუვეზე“ ვფიქრობ, ეროვნული ნაკრების ჯერი მოგვიანებით დადგება, არ ვფიქრობ, რომ აქ ნაკრებისთვის მოსამზადებლად მოვედი. აქ იმისთვის ვარ, რომ, რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიგო.
კიდევ ერთი წლით დარჩენა? ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ახლა მხოლოდ ამ სეზონზე ვფიქრობ. ვეცდები, სკუდეტო და სხვა ყველა ტიტული მოვიგო, მერე ვიფიქრებ მომავალზე. მიყვარს საგოლე პასების გაკეთება და მინდა გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყო. მსურს, რომ გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო. იმედი მაქვს, იმდენ საგოლე პასს გავაკეთებ, რამდენსაც წინა წლებში ვაკეთებდი.
ასეთ მნიშვნელოვან გუნდზე, რომელსაც ასე დაჟინებით უნდოდა ჩემი გადაბირება და 40 დღე ამაზე მუშაობდა, შეუძლებელი იყო უარის თქმა. გადაწყვეტილების მიღება ოჯახური მიზეზების გამო ცოტა დავაგვიანე. მწვრთნელთან ბევრი არ მილაპარაკია, ჯერ ფიზიკურად უნდა მოვემზადოთ და შემდეგ ვისაუბრებთ ტექნიკურ ნაწილზე. მიყვარს მოედანზე ყოფნა პოზიციის მიუხედავად, თუმცა ყველაზე მეტად მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში მიყვარს და მარცხენა ფეხით დარტყმა. მაგრამ მწვრთნელი გადაწყვეტს სად გამომიყენოს.
„იუვე“ იმიტომ ავირჩიე, რომ იტალიაში საუკეთესო კლუბია და ბევრი ტიტულის მოგების შანსი აქვს. ძლიერი გუნდია. ბუფონმა თქვა, რომ იტალიაში მარადონა ვიქნები? დიეგო დიეგოა. ჯანლუიჯისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ფანტასტიკური ადამიანია, მას ველაპარაკე, როცა კონტრაქტი გავაფორმე. ვიცოდი, რომ პოგბასაც ვიმატებით და ვიცი მისი თვისებები. დიდი სურვილი არსებობს, რომ ვითამაშო და დავაბრუნოთ „იუვე“, რათა ყველაფერი მოიგოს.
კლუბს სურს უმაღლეს დონეზე დაბრუნება და მე მინდა ამაში დავეხმარო. ჩვენ გასახდელში კარგი ატმოსფერო უნდა შევქმნათ, რაღა წარმატებას მივაღწიოთ. „იუვე“ ერთადერთი გუნდია, რომელთანაც ინტენსიური მოლაპარაკებები მქონდა. ასევე ვესაუბრე „ბენფიკადან“ რუი კოშტას, ის დამიკავშირდა, მაგრამ შეიძლება მეგობრობის გამო. „იუვე“ ძალიან აქტიურობდა და ჩემს გადაწყვეტილებას ელოდებოდა. ნაკრებში ვიცნობ რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებიც აქ თამაშობენ ან თამაშობდნენ. პარედესმა რამე რომ მკითხოს? ის უკვე თამაშობდა იტალიაში, იცნობს „იუვეს“, მასთან ვმეგობრობ, ხშირად ვსაუბრობ, მაგრამ პირადულ საკითხებზე.
დიბალასთან ვისაუბრე, მითხრა, რომ მნიშვნელოვანი გუნდია, მაგრამ ამავე დროს ოჯახი, მითხრა, რომ აქ კარგად მომექცეოდნენ, რაშიც უკვე დავრწმუნდი. კიეზა და ვლაჰოვიჩი საოცარი ფეხბურთელები არიან, ისინი ამ გუნდს ბევრს მისცემენ. კლუბი მათში ინვესტიციას ახორციელებს, მე კი ახალგაზრდების დახმარება მომწონს. უფროსებმა გუნდს მოგების მენტალიტეტი უნდა შესძინონ. მსოფლიოს ჩემპიონატი? ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ტურნირია, ყოველთვის მხედველობაში მაქვს, მაგრამ აუცილებელია კონკრეტულ საკითხებზე დროულად ფიქრი“, – თქვა დი მარიამ.
შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარიამ „იუვენტუსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და „იუვეს“ რიგებში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
#WelcomeAngel 🫶🏻 pic.twitter.com/7SuLLzrNB0
— JuventusFC (@juventusfc) July 11, 2022