ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეოთხე ტურში „სპეციას“ უმასპინძლებს. ანხელ დი მარია დაბრუნებასთან ახლოსაა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა გუშინ გუნდთან ერთად ნაწილობრივ ივარჯიშა და იტალიური მედია წერს, რომ კარგი შეგრძნებები არსებობს. ანხელი სავარაუდოდ, „სპეციასთან“ სათადარიგო სკამზე იქნება, ხოლო ძირითად შემადგენლობაში მისი დაბრუნება „ფიორენტინასთან“ ან „პარი სენ ჟერმენთანაა“ მოსალოდნელი.
გარდა ამისა, „სპეციასთან“ შესაძლოა ფედერიკო გატის დებიუტი შედგეს. ვინაიდან მჭიდრო კალენდარი იწყება, ახალგაზრდა მცველი როტაციაში უნდა ჩაერთოს. ნახევარდაცვაში სავარაუდოდ, ისევ რაბიო-ლოკატელი-მირეტის ტრიო იმოქმედებს, ხოლო შეტევაში კუადრადო-ვლაჰოვიჩი-კოსტიჩი.
თუმცა, არაა გამორიცხული ძირითადში არკადიუშ მილიკის გამოჩენაც, რომელმაც თქვა, რომ ვლაჰოვიჩთან ერთად თამაში შეუძლია. ამ ეტაპზე ლეონარდო ბონუჩი არ ითამაშებს, კაპიტანი სავარაუდოდ, გუნდს ფლორენციაში დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „სპეციას“ 31 აგვისტოს დაუპირისპირდება.