ალესანდრო დელ პიერომ Sky Sport-ის ეთერში გავრცელებულ ხმებს უპასუხა, რომლის თანახმად, ის „იუვენტუსში“ ბრუნდება. როგორც ალექსმა აღნიშნა, გაკვირვებულია ამ ჭორებით და თქვა, რომ არანაირი ფარული მოტივი მის „ალიანც სთედიუმზე“ გამოჩენას არ ჰქონია.
„გაკვირვებული ვარ ამ ჭორებით, „ალიანც სთედიუმზე“ ჩემს დაბრუნებას არანაირი ფარული მოტივი არ ჰქონია. არივაბენემ უკვე თქვა, რაც მოხდა. ლაპოს ერთი კვირის წინ შევხვდი სხვაგან, ჭორებით გაოცებული ვარ. არც საიდუმლო შეხვედრები ყოფილა და არც არაფერი. მოვიკითხე ანდრეა, პაველი და სხვა ყოფილი თანაგუნდელები, ძალიან გახარებული ვარ, რომ მათ შევხვდი. ეს ლამაზი ურთიერთობა გაგრძელდება. თუ დამირეკავენ? ამ ეტაპზე უადგილოა კომენტარის გაკეთება ჰიპოთეზაზე, რომელიც არ არსებობს. ურთიერთობა ჩემსა და „ბიანკონერის“ შორის ფანტასტიკური რჩება, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა.
10 წლის შემდეგ ტურინში დაბრუნება ფანტასტიკური მომენტი იყო, ძალიან ლამაზი ემოცია. 10 წლით უკან დაბრუნება ესეც ძნელი ასახსნელია. ბევრი ემოციაა, რთულად გადმოსაცემი. უზარმაზარი სიხარული, არავინ ელოდა, რომ სტადიონზე წავიდოდი. წინასწარ არანაირი სამზადისი არ ყოფილა, ასე უკეთესია. ჩემი და ფანების სპონტანურობა უნიკალური იყო 10 წლის წინ და შაბათსაც. ხშირად მადლობა ვუხდი ტიფოზებს, რადგან 19 წლის განმავლობაში ჩვენს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა იქმნებოდა.
სიყვარული, რომელიც მათ ჩემდამი გამოიჩინეს, მშვენიერი იყო, ეს არ წაიშლება. ლოს ანჯელესის აკადემია მყავდა ჩაყვანილი და მქონდა შესაძლებლობა სტადიონზე მეც ვყოფილიყავი. „იუვემ“ მთხოვა ამ პატარა პრეზენტაციით ტიფოზებს მივსალმებოდი, ძალიან გამიხარდა. „ალიანც სთედიუმზე“ მხოლოდ ერთი წელი ვითამაშე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო“, – თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსში“ ალესანდრო დელ პიეროს შესაძლო დაბრუნებაზე იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, მას მერე, რაც ლეგენდარული ფეხბურთელი შაბათს, „ბოლონიასთან“ შეხვედრას ტურინში დაესწრო.