მთავარი / სიახლეები / დანილო: “ვალდებულები ვართ “ბენფიკასთან” მოვიგოთ და შეცდომის უფლება არ გვაქვს”

დანილო: “ვალდებულები ვართ “ბენფიკასთან” მოვიგოთ და შეცდომის უფლება არ გვაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ ლისაბონის „ბენფიკასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ბრაზილიელმა მცველმა აღნიშნა, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოიგონ და ამიტომ, შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ.

„ხვალ ვალდებულება გვაქვს, რომ თამაში მოვიგოთ, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს და შეცდომების დაშვება არ შეგვიძლია. თუმცა, თამაშს 5 წუთში ვერ მოვიგებთ, 90 წუთი გრძელდება, ზოგჯერ 100 წუთიც. ბალანსი და ჭკვიანური თამაში გვჭირდება, რომ შედეგს მივაღწიოთ. რაღაც გვაკლია, თორემ აქამდე ჩატარებულ ყველა მატჩს მოვიგებდით და სამწუხაროდ ასე არ მოხდა. უნდა გავიზარდოთ, მაგრამ ვიცით, რომ სწავლისთვის და ლოდინისთვის დრო არ არის. ხვალ მეტოქეს ერთი ტაიმი არ უნდა ვაჩუქოთ, როგორც ეს „სალერნიტანასთან“ გავაკეთეთ, რადგან შემდეგ თამაშში დაბრუნება ძნელი იქნება, რადგან „ბენფიკა“ შესანიშნავი გუნდია და დიდებული ფეხბურთელები ჰყავს.

ამჟამად ფლანგზე ვთამაშობ, მაგრამ ცენტრალურ მცველადაც თამაში ძალიან მომწონს. ხვალ გადამწყვეტი თამაშია, თუ ვერ მოვიგებთ, ყველაფერი უფრო გართულდება, მაგრამ მშვიდად უნდა ვიყოთ. ნაბიჯის წინ გადადგმა მენტალური თვალსაზრისითაც საჭიროა.

„ბენფიკა“ შესანიშნავი გუნდია, რომელსაც წარმოუდგენელი ისტორია აქვს. ჟოაო მარიო და რაფა სილვა ჰყავს, ორი მაღალი დონის მოთამაშე, იქ არის ოტამენდი, რომელსაც დიდი გამოცდილება გააჩნია. შმიდტმა გუნდს თავისი იდეები უმალვე გადასცა. უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ, თუ გამარჯვება გვინდა. გვაქვს პორტუგალიურ გუნდებთან თამაშის გამოცდილება და არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ადვილი იქნება.

„სალერნიტანასთან“ შედეგი სწორ სულისკვეთებას გვაძლევს საიმისოდ, რომ ხვალ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი ვითამაშოთ. პარიზში მეორე ტაიმმაც გვასწავლა, რომ უნდა გვჯეროდეს, იქ ვაჩვენეთ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. პორტუგალიურ გუნდებთან თამაში რთულია, აქვთ ხარისხი, შეჩვეულები არიან ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს, ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ დიდი ინტენსივობით თამაში ჩვენც შეგვიძლია“, – თქვა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ბენფიკას“ მატჩი 14 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ანტონიო კონტე ტურინში შენიშნეს, მას “იუვეს” უკავშირებენ

იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იტყობინება, რომ ანტონიო კონტეს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ. კონტე ორი დღის …

რანიერი: “იუვეს” ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ აქვთ”

„იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი კლაუდიო რანიერიმ გააკეთა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ ეტყობათ. „რაც …