ტურინის „იუვენტუსში“ ფედერიკო გატის დებიუტი ჰქონდა, რომელმაც ასევე სერია A-შიც პირველად ითამაშა. იტალიელმა მცველმა განაცხადა, რომ ეს გადმოუცემელი ემოციაა და ძალიან ბედნიერია.
„ენით აღუწერელი ემოციაა, რომლის გადმოცემა შეუძლებელია. მთავარი მოგება იყო და გოლიც არ გავუშვით, შესაბამისად, ამაზე უკეთეს დებიუტს ვერ წარმოვიდგენდი. ჩემი წარსული? ეს იყო გზა, რომელმაც ჩამომაყალიბა, ფუნდამენტური იყო. ახლა აქ ვარ და მინდა, ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ვიბრძოლო.
დაცვის ცენტრში მარჯვნივ მირჩევნია თუ მარცხნივ? ჩემთვის მთავარია ვითამაშო, ვარჯიშზე მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ მზად ვიყო, შემდეგ არჩევანს მწვრთნელი აკეთებს. გოლზე თუ ვოცნებობდი? შეიძლება ითქვას, იმედი მქონდა, მშვენიერი იქნებოდა. ვნახოთ, ადრე თუ გვიან, ალბათ სადებიუტო გოლსაც გავიტან.
პსჟ? ჯერ „ფიორენტინასთან“ თამაში გვაქვს. სერია A-ში დებიუტი ყველა ბავშვის ოცნებაა, ეს ამიხდა, მხოლოდ დასაწყისია და ძალიან ბედნიერი ვარ. როგორი იქნება მესისთან, მბაპესთან და ნეიმართან შეხვედრა, რომელთაც მხოლოდ ტელევიზორში ვუყურებდი? „სპეციას“ ფეხბურთელებიც მხოლოდ ტელევიზორში მყავდა ნანახი, ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო თუ შანსი მომეცემა.
როგორ ვუგებ ბრემერსა და ბონუჩის? მადლობა უნდა გადავუხადო გუნდს, რომელმაც თავიდანვე თავი მათ ნაწილად მაგრძნობინა. ბრემერი, დანილო და ბონუჩი მეხმარებიან, ვცდილობ მათგან მაქსიმუმი ვისწავლო.
რა გრძნობა დამეუფლა, როცა აგენტმა მითხრა, რომ „იუვენტუსს“ სურდა ჩემი შეძენა? ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტი იყო“, – თქვა გატიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „სპეცია“ 2:0 დაამარცხა და მომდევნო მატჩს 3 სექტემბერს, სტუმრად „ფიორენტინასთან“ გამართავს.