ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა როჯერ შმიდტმა „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ „იუვეს“ პრობლემების მიუხედავად, ურთულეს თამაშს ელოდება.
„რთული მატჩი იქნება, „იუვეს“ აქვს ხარისხი და გამოცდილება, შესანიშნავი გუნდია. ჩემპიონატში უჭირს, მაგრამ ჩვენ მათ ამით არ განვსჯით. ვიცით, რომ შესანიშნავად შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში ევროტურნირებზე. პარიზში ვერ მოიგო, მაგრამ ვიცით, რომ ურთულესი მატჩი გველოდება.
ჩვენც შეგვიძლია ძალიან მაღალ დონეზე თამაში და მაქსიმუმს გავაკეთებთ. არ ვართ ფავორიტები, მაგრამ გვინდა თამამები ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ კარგად სათამაშოდ. ჯგუფური ეტაპი ხანმოკლეა, მაგრამ ალეგრის ვეთანხმები, რომ მნიშვნელოვანი მატჩია და არა გადამწყვეტი. ყველა თამაში უნდა გამოვიყენოთ კვალიფიკაციისთვის და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
„იუვენტუსს“ ძალიან ბევრი სქემით თამაში შეუძლია, თუმცა მთავარია, რომ ყოველთვის საკუთარ თავზე ვიყოთ კონცენტრირებული და მზად ვიყოთ“, – თქვა შმიდტმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ბენფიკას“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.