ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ შესაძლოა კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს. იტალიური და ესპანური მედია ადასტურებს, რომ ტურინში მისი აგენტი ფედერიკო პასტორელო „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორ მატეუ ალემანის შეხვდა.
ბერნარდესკის კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და „ბარსას“ მისი გადაბირება ზაფხულში უფასოდ შეუძლია, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ტრანსფერი იანვარში შედგეს, რადგან ჩავის გუნდის გაძლიერება სურს. თუმცა, ამ შემთხვევაში ბერნარდესკი ესპანეთში უფასოდ ვერ გადავა და შესაძლოა, კლუბებმა ფეხბურთელები გაცვალონ.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო ბერნარდესკი „იუვენტუსში“ 2017 წლიდან თამაშობს და 159 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, მიმდინარე სეზონში კი 17 თამაშში თავი 4 საგოლე პასით გამოიჩინა.