ტურინის „იუვენტუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ უარყო ინფორმაცია, რომ პოლ პოგბას აგენტებთან მის ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, პოგბას თაობაზე შეხვედრა არ ყოფილა.
„პოგბაზე არ გვისაუბრია. ისინი არიან კინისა და პელეგრინის აგენტებიც, შესაბამისად, ნორმალურია, რომ შევხვდით. პოგბა ნამდვილად არ იყო დისკუსიის ცენტრში. პოლი „მანჩესტერის“ ფეხბურთელია, ამიტომ, ჯერ მის კლუბს დაველაპარაკებით.
ტრანსფერები დაკავშირებული იქნება მდგრადობასთან და იანვარში ვლაჰოვიჩის შეძენა ახალი გუნდის მშენებლობის ნიშანი იყო. ვეცდებით ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების ნაზავით შევქმნათ გუნდი. ძლიერი ნახევარმცველი? გეთანხმებით, გვჭირდება და ვაკეთებთ შეფასებებს.
უფრო მეტი იტალიელი გუნდში? მირეტის პირველ გუნდში გადმოყვანა სწორედ ამას ემსახურება, ახალგაზრდები თუ გუნდს გააძლიერებენ, მივესალმებით, მითუმეტეს იტალიელები, თუმცა, ისინი უნდა იყვნენ იმ დონის მოთამაშეები, როგორიც ჩვენ გვჭირდება. იტალიელების გუნდში ყოფნა აკრძალული არ არის, მაგრამ ყოველთვის გვახსოვს მიზნები, რომელთა მიღწევა გვინდა“, – თქვა არივაბენემ.