მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ნაპოლისთვის” უფრო მნიშვნელოვანი თამაშია, ვიდრე ჩვენთვის”

ალეგრი: “ნაპოლისთვის” უფრო მნიშვნელოვანი თამაშია, ვიდრე ჩვენთვის”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს თამაში სკუდეტოსთვის ბრძოლაში გადამწყვეტი არ იქნება. ალეგრიმ ისიც თქვა, რომ „ნაპოლისთვის“ უფრო მნიშვნელოვანი მატჩია, ვიდრე „იუვესთვის“.

„გუნდი საკმაოდ კარგად მუშაობს, სამი დღე კარგად ვივარჯიშეთ და ვნახოთ, ხვალ რის გაკეთებას შევძლებთ. დანილო კარგად მუშაობს, ისევე, როგორც ყველა დანარჩენი, ამ გზით სიარული უნდა გავაგრძელოთ.

ტრავმირებულები? „მონცასთან“ მატჩამდე რომელიმეს დაბრუნება გამორიცხულია. შესაძლოა, კუადრადომ შეძლოს თამაში „მონცასთან“, მაგრამ ჯერ მას გუნდთან ერთად ერთხელაც არ უვარჯიშია.

კიეზა ბევრად უკეთაა, ძალიან ბედნიერი ვარ. დარწმუნებული რომ ვიყო, ხვალ თამაშის დროს განსხვავებას შექმნიდა, ისევ შეცვლაზე ვათამაშებდი, მაგრამ ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს. დღევანდელ ვარჯიშზე სიტუაციას შევაფასებ და შემადგენლობაზე გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.

„სალერნიტანასთან“ დაკარგული 2 ქულა ძვირად ფასობს? ეს უკვე წარსულია. რაც აქამდე გავაკეთეთ, მნიშვნელოვანია და კარგი შედეგია. ხვალ სულ სხვა თამაში გველოდება. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და მოვუმატოთ, როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად. გვინდა მიზნებს მივაღწიოთ, რაც ნიშნავს ოთხეულში მოხვედრას.

თუ გუნდი მეორე ტაიმში უმჯობესდება, ეს ნიშნავს, რომ ფიზიკურად გუნდი კარგად მუშაობს. ნეაპოლში თამაში ადვილი არასდროსაა, რადგან იქ მატჩი არასდროს მთავრდება. ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. ტექნიკური და ინტენსიური თამაში იქნება, ლიგის საუკეთესო გუნდთან თამაში დიდი გამოწვევაა და მოტივაცია არ უნდა მოგვაკლდეს.

ანიელის ბოლო თამაში? სათქმელი ბევრი არაფერია, რადგან მასზე ის სამუშაო მეტყველებს, რომელიც ამ 12 წელიწადში გასწია. პირადად მე მადლობას ვეუბნები, რომ „იუვენტუსში“ მუშაობის შანსი და მასთან ერთად მრავალი წლის გატარების შესაძლებლობა მომცა.

კვარაცხელია? ჯერ არაფერი მოგვიმზადებია. ვარჯიშის შემდეგ მოვამზადებთ ყველაფერს და იმედი მაქვს, საუკეთესოდ. ხვალ შესანიშნავი მატჩი იქნება სავსე სტადიონზე, მაგრამ ჩემპიონობისთვის გადამწყვეტი შეხვედრა არ იქნება.

მე არ ვამბობ, რომ „ნაპოლი“ ყველაზე ძლიერია, ამას ამბობს სატურნირო ცხრილი, რომელშიც 44 ქულა და მხოლოდ 1 წაგება აქვს. ვფიქრობ, ლუჩანო სპალეტი საუკეთესო მწვრთნელია და ფეხბურთელებისგანაც რაღაცებს თვითონ სწავლობს. ორი თვის წინ არავის სჯეროდა, რომ „იუვე“ ამ თამაშს მეორე ადგილით შეხვდებოდა. ვფიქრობ, ეს თამაში მათთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

დი მარია: “უცნაურია ცხრილის შუაში ყოფნა და რთულია კონცენტრაციის შენარჩუნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ „მონცასთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, …

“იუვენტუსმა” “მონცასთანაც” წააგო

ტურინის „იუვენტუსს“ ძალიან მძიმე დროება უდგას – მოედანზეც და მოედანს მიღმაც. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სერია …