ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობა მალე უნდა დაივიწყოს.
„უნდა დავივიწყოთ ის, რაც ჩემპიონთა ლიგაზე მოხდა და ეს მონაკვეთი, რაც შეიძლება საუკეთესო გზით უნდა დავხუროთ. ვეცადოთ, რომ „ინტერთან“ -3 ქულაში დავრჩეთ და ამ დისტანციით ვითამაშოთ მასთან საშინაო შეხვედრა. „სალერნიტანა“ პირველი წრისგან განსხვავებული გუნდია, უკეთ თამაშობს და ფრეებს მიაღწია „მილანთან“ და „სასუოლოსთან“.
რა მოხდა დიბალასა და კუადრადოსთან? არაფერი განსაკუთრებული, ბიჭებს თხოვნა ჰქონდათ, რაზეც მე უარი ვუთხარი. არავითარი დისკუსია არ ყოფილა, ყველაფერი გაიგეს და ყველა ერთად დავრჩით ბაზაზე. მეც ვიყავი ფეხბურთელი და დრო და დრო მსგავსი გაუგებრობა საჭიროა. „ვილიარეალთან“ მარცხის მერე ვფიქრობდით, რომ ასეთი რაღაც საჭირო იყო და საბედნიეროდ, ბიჭებმა ეს შესაძლებლობა მომცეს (იღიმის).
მე არაფერი მაქვს გამოსასწორებელი, ჩვენ მივყვებით გზას და კარგი საფუძველი ჩავყარეთ. საქმეს კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად ვაკეთებ, გვაქვს 4-წლიანი პროგრამა, რომ გამარჯვებას დავუბრუნდეთ. იანვარში კარგი სატრანსფერო პოლიტიკით დროს გავუსწარით, რადგან ეს შეიძლება ითქვას, ზაფხულის გეგმები იყო. ახლა, კიდევ შევაფასებთ სიტუაციას, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ გუნდი. თუ მეოთხე ადგილი თქვენთვის, ჟურნალისტებისთვის წარუმატებელია, შეგიძლიათ დაწეროთ, მაგრამ 6 იანვრის საღამოს „ატალანტას“ 10 ქულით ჩამოვრჩებოდით და სახიფათო სიტუაციაში ვიყავით, ახლა კი შეგვიძლია „ინტერს“ შევუტიოთ, ასე რომ, დადებითი ასპექტებიც არსებობს. ყველაფერს მაშინვე ვერ მიიღებ, დიდი ბალანსია საჭირო.
ჩემი აზრით, სამშაბათს არ ვიყავით ის გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეეძლო, მაშინაც კი, თუ ამის ამბიცია გვქონდა. თუმცა, პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შევქმენით, საბოლოო ჯამში ნორმალურია, რომ 0:3 მარცხს არავინ ელოდა. ეს სამწუხაროა ჩვენთვის, მაგრამ ასევე თქვენთვის, ჟურნალისტებისთვის, რადგან ყველას მოგწონთ მიუნხენში, მადრიდში წასვლა, ორი დღით მოგზაურობა.
სანაკრებო პაუზის შემდეგ ყველა მოთამაშე დაგვიბრუნდება კიეზასა და მაკკენის გარდა. მირეტი ძირითადში? სიტუაცია უნდა შევაფასოთ და გამოსავალი ვიპოვოთ. დიბალა, კიელინი და ბერნარდესკი უკეთ არიან, მაგრამ 90 წუთის თამაში არ შეუძლიათ. არტური? ის ხვალ ითამაშეს, ის არის ფეხბურთელი, რომელმაც მოუმატა, მანამდე 6 თვე არ ჰქონდა ნათამაშები. ხვალინდელი თამაში აუცილებლად მოსაგებია და შემდეგ „ინტერთან“ ის ფეხბურთელები გავლენ მოედანზე, რომლებიც მზად იქნებიან“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სალერნიტანას“ მატჩი 20 მარტს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.