ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ Corriere Della Sera-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მთლიანად „იუვეზე“ ისაუბრა. მან ხაზის გაუსვა იმ ფაქტს, რომ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე წევრი ტრავმირებულია, რაც გუნდის თამაშზე აისახება.
„ძალიან ვწუხვარ ამ სიტუაციის გამო და ხშირად ვეკითხები ჩემს თავს დავუშვი თუ არა, შეცდომები. პირველი პასუხი რაც მაქვს, ისაა, რომ „იუვე“ სხვანაირი გუნდი უნდა იყოს: რაბიო-პარედესი-პოგბა ნახევარდაცვაში და პლუს ლოკატელი, რომელიც პირველი შემცვლელი იქნება. დი მარია და კიეზა ფლანგებზე, ვლაჰოვიჩი შუაში. „იუვე“ ახლა ვირტუალურია. ვიცი, რომ მოედნის ბოლო 30 მეტრში თამაშის იმპროვიზატორი და გამომგონებელი არავინაა, მაგრამ ჩვენ ამისთვის დი მარია და პოგბა დავიმატეთ. ვცდილობთ, გავაძლიეროთ მირეტი სწორედ ამ როლისთვის, მაგრამ ის პოგბა არ არის, მხოლოდ 19 წლისაა. დაცვის ფლანგებზეც პრობლემა გვაქვს, შეუძლებელია ამ მოთამაშეებს მთელი ფლანგის კონტროლი და შეტევაში ჩართვა მოვთხოვო. ერთადერთი გამონაკლისი კუადრადოა, მაგრამ მე არ შემიძლია მოთამაშეებს ყოველთვის ორი პოზიციის ფუნქციის შეთავსება მოვთხოვო.
ძლიერი ხასიათიც გვაკლია, ძალიან ადრე ვჩერდებით, ეს ჩემი საქმეა, მასზე ყოველდღე ვმუშაობთ, მაგრამ ბევრი ტექნიკური შეცდომა გვაქვს. იანვარში შეგვეძლება პოგბასა და კიეზაზე დაყრდნობა, ვნახოთ მათგან დაუყოვნებლივ რის მიღებას შევძლებთ. ისინი ველოსიპედები არ არიან, რამდენი დრო დასჭირდებათ უმაღლეს დონეზე დასაბრუნებლად? არსებობს ობიექტური სირთულეები. ვიმეორებ, ამჟამად ვირტუალური „იუვენტუსია“. კმაყოფილი ვარ სატრანსფერო ბაზრით, მაგრამ მოედანზე მოთამაშეები არ არიან. აბა, სცადეთ „ინტერს“ ან „მილანს“ ძირითადი შემადგენლობის 5 უცვლელი წევრი გამოაკლოთ, რა მოხდება…
ინტერესით ვუყურე კარლო ანჩელოტის ინტერვიუს პაოლო კონდოსთან. მან თქვა, რომ პირველი-ორი თამაშის წაგების შემდეგ გუნდს 20 მეტრით უკან დახევა და მეტოქის ლოდინი დაავალა. რა მოხდა? „რეალმა“ „შახტართან“ 5:0 მოიგო. პსჟ ისრაელში 0:1 მარცხდებოდა, მერე მესიმ, მბაპემ და ნეიმარმა გაიტანეს. ხარისხი ყოველთვის ფეხბურთელებშია და არა სქემებში. კარგმა მწვრთნელმა პირველ რიგში ფეხბურთელებზე უნდა იფიქროს. ახლა მე ძირითადი შემადგენლობის ნახევარი ტრავმირებული მყავს. „ბენფიკასთან“ თამაშის შემდეგ რუი კოშტას ველაპარაკე და მითხრა, რომ დღეს ფეხბურთი შეცვლილია, თუ ფეხბურთელი ერთ კარგ პასს გააკეთებს, უკვე ფენომენად ნათლავენ, თუ 40 მეტრიდან კარში დაარტყამს, სუპერფენომენია. თუმცა, ფეხბურთში პასის გაკეთება და კარში დარტყმა ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს. მე არ მაქვს ამოჩემებული შაბლონები, თამაშს ფეხბურთელების თვისებებს ვარგებ. არსებობს დეტალები, რომლებიც ყოველთვის გასათვალისწინებელია. მაგალითად, არსებობს ბურთის გაჩერების სხვადასხვა მეთოდები, მხოლოდ ორნაირია. თანაგუნდელისთვის საჯარიმოში მხოლოდ პასის მიცემა არ კმარა, სწორად და ზუსტად უნდა მისცე, თორემ კარში ვერ დაარტყამს. დღეს ფეხბურთელები ბევრს არ ფიქრობენ, ისინი ინტერპეტაციას არ აკეთებენ, მარტივ გამოსავალს ეძებენ, მაშინ, როცა ფეხბურთი ინდივიდუალური ფანტაზიაა. „ბენფიკასთან“ დი მარიამ ცოტა ითამაშა, მაგრამ 30-მეტრიანი პასით თანაგუნდელი მეკარესთან დატოვა. შეიძლება ეს სქემის დამსახურება იყოს? არა, დი მარიას დამსახურებაა. თუ ჩემი ყველა ფეხბურთელი კარგად იქნება, ძლიერები ვართ. დღეს არც კი ვიცი, მონცაში როგორი შემადგენლობით ვითამაშებთ, თამაშში, რომელიც აუცილებლად მოსაგებია. ორი დისკვალიფიცირებულიც მყავს და პრაქტიკულად სათადარიგო სკამზე არავინ მრჩება. მოუთმენლად ველოდები სანაკრებო პაუზას, რადგან ამ დროს მინიმუმ 3 ფეხბურთელი დაგვიბრუნდება.
შემიძლია ვთქვა, რომ ბრემერი ძალიან ძლიერია. მილიკისგან ბევრს ველოდი და მოლოდინს ამართლებს. იცით რატომ? იმიტომ, რომ მილიკი კარგად თამაშობს, ის ყოველთვის ძალიან ცოტა შეცდომას უშვებს. მან იცის, როგორ იმოძრაოს. დღეს რაბიო ძალიან მაკლია, მას ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ რაბიო თამაშში 13-14 კარგ რაღაცას აკეთებს, რაც მოედანზე ყოველთვის ფასეულია. გარდა ამისა, მას აქვს ტექნიკა და ფიზიკური ძალა. რაზე მწყდება გული? “რომასთან” ლოკატელის გაუქმებულ გოლზე, რადგან იმ თამაშს მოვიგებდით. სატურნირო ცხრილში უფრო მეტ ქულას ვიმსახურებთ.
მომავალი? ლისაბონში უნდა მოვიგოთ, „მაკაბიც“ ორჯერ უნდა დავამარცხოთ და ვნახოთ, ეს საკმარისი იქნება თუ არა. სერია A-ში „ინტერი“ ყველაზე ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ პერიშიჩი ძალიან დააკლდა. ნახევარდაცვა მხითარიანით და ასლანით გააძლიერეს, რომელიც ძალიან კარგია. „მილანს“ ორი საოცარი და ძალიან თანამედროვე ფეხბურთელი ჰყავს – ტეო ერნანდესი და ლეაო. მსოფლიოში არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც ლეაოს სიმარტივით და სიძლიერით ატყუებს მეტოქეს. ჩვენ, როცა ყველა ფეხბურთელი დაგვიბრუნდება, ძლიერები ვიქნებით, იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება“, – თქვა ალეგრიმ.