მთავარი / სიახლეები / ალეგრის პრესკონფერენცია “სასუოლოსთან” მატჩამდე

ალეგრის პრესკონფერენცია “სასუოლოსთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ სერია A-ს პირველ ტურში „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და როგორც ამ თამაშზე, ისე მოლოდინებსა და გუნდზე ისაუბრა.

„გუნდმა კარგად იმუშავა, მაგრამ ახლა მთავარი ხვალინდელი თამაშია. ეს პირველია და დამაინტრიგებელი თამაშია, სამი ქულა მნიშვნელოვანი იქნება გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც შარშან სახლში დაგვამარცხა და ტექნიკური გუნდია. საუკეთესო კონდიციებში არ ვართ, მაგრამ გუნდურად უნდა ვითამაშოთ.

რაბიო და კინი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებენ, ეს წესი უნდა გადაიხედოს, რადგან არ შეიძლება წინა სეზონის ყვითელი ბარათების გამო ამ სეზონში ტოვებდეს ფეხბურთელი მატჩს. შჩესნის ტრავმა აქვს, ისევე, როგორც აკეს, პოგბას. კიეზა მუშაობს და ვიმედოვნებთ, რომ არაუგვიანეს იანვარში დაგვიბრუნდება. არტურს კოჭის პრობლემა აქვს, გარდა ამისა, სატრანსფერო ჭორებია და ის ხვალ ხელმისაწვდომი არ იქნება. კაიო ჟორჟე ისევ ტრავმირებულია, მაკკენის თამაში შეუძლია. „იუვენტუსი“ ვალდებულია, რომ სკუდეტო მოიგოს.

კოსტიჩი? ის არის ფეხბურთელი, რომელიც საჯარიმოში ძალიან კარგად აწვდის, ბურთს კარგად აკონტროლებს. ჯერ არ ვიცი ითამაშებს თუ არა, უნდა გადავწყვიტო. კოსტიჩი, კუადრადო, მაკკენის სამეულიდან ორი ძირითადში იქნება. გარდა ამისა, შეცვლებიც მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ის დავიმატეთ, რადგან კარგი ფეხბურთელია და ვლაჰოვიჩსაც დაეხმარება. დუშანი კარგადაა, ზაფხულში მცირე ტრავმა ჰქონდა, მოთმინება საჭიროა, 100%-ით დაბრუნდეს. თუმცა, ახლა ბევრად უკეთაა, ვიდრე რამდენიმე დღის წინ. დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი სეზონი ექნება.

წელს განსხვავებული სეზონია და ახლა ორი მიზანი გვაქვს: 13 ნოემბერს სატურნირო ცხრილის ოთხეულში უნდა ვიყოთ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა მოვახერხოთ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან უნდა გავიდეთ. პაუზამდე 21 მატჩი გვაქვს, 15 ჩემპიონატში და 6 ჩემპიონთა ლიგაზე, ამიტომ, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. „სასუოლომ“ იტალიის თასზე მარცხი განიცადა და გაბრაზებულია, ისეთი კარგი ფეხბურთელი დაიმატა, როგორიც პონამონტია და მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია.

3 თუ 4-კაციანი დაცვა? ბოლოს არ მახსოვს როდის ითამაშა ჩემმა გუნდმა 3 მცველით, შესაძლოა, ამას ვიყენებთ შეტევის კონსტრუქციისას, მაგრამ 3 მცველით ბოლოს ალბათ ბარძალის დროს ვითამაშეთ. ბოლო სამ ამხანაგურ თამაშში 8 გოლი გავუშვით და აშკარაა, რომ კუთხით მოსამატებელი გვაქვს. ბრემერით კმაყოფილი ვარ, ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ყოველთვის გაუმჯობესება სურს.

დი მარია ცენტრში? მისი ტექნიკური თვისებები სწორად უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ნათელია, რომ საშუალოზე ბევრად მაღალია. ისეთ მდგომარეობაში უნდა ჩავაყენოთ, რომ საგოლე პასები გააკეთოს და კარგად ითამაშოს. კლუბის ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად იმუშავა, შარშან კარგი სეზონი გვქონდა, მაგრამ რადგან ზედიზედ 9 წელი ვიმარჯვებდით, ყველა ამბობს, რომ ისევ ჩემპიონი უნდა გავმხდარიყავით. თუმცა, გუნდში თაობათა ცვლის პროცესია. შარშან „მილანზე“ 16 ქულით ნაკლები დავაგროვეთ, ამიტომ მოთმინება და შრომაა საჭირო. ვალდებულები ვართ, მოვიგოთ. ვიცით, რომ არიან გუნდები, რომლებმაც შარშან ჩვენზე უკეთ ითამაშეს და ეს ჩვენთვის სტიმულია.

მირეტი? ვნახოთ, როგორ განვითარდება სატრანსფერო ბაზარი. ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები ძალიან კარგები არიან, მაგრამ ყველას აქ ვერ შევინარჩუნებთ. სწორი გზა უნდა ავირჩიოთ. „იუვე“ უფრო ძლიერია, ვიდრე შარშან? არ ვიცი, მაგრამ კარგი ფეხბურთელები კარგი ფეხბურთელებით შევცვალეთ. მთავარია თამაშების მოგება, შემდეგ შეიძლება ითამაშო ლამაზად. უპირველეს ყოვლისა მიდგომა უნდა გავაუმჯობესოთ. საჭიროა მეტოქეების პატივისცემა, რადგან არავინ არაფერს გვაჩუქებს. ის, რაც გავაკეთეთ, არავინ გვართმევს, მაგრამ მთავარია ხვალ რას ვიზამთ. ირგვლივ ბევრი ეიფორიაა, რაც ძალიან არ მომწონს. პელეგრინის შეცვლა? ჩვენ ფლანგის 4 მცველი გვყავს და ამ პოზიციაზე კარგად ვართ დაკომპლექტებული. ლუკას კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ეს ვარიანტი გამოჩნდა და ვერ შევაფერხებდით“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ მატჩი 15 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ზაკარია: “იუვე” ძალიან უკნიდან თამაშობდა, ალეგრისთან კონტაქტი თითქმის არ მქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დენის ზაკარიამ განაცხადა, რომ იტალიაში მისი სტილისთვის შესაფერისი ფეხბურთი არ არის, …

დე ლიხტი: “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის მოგების უფრო დიდი ამბიცია აქვს, ვიდრე “იუვეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მატაის დე ლიხტმა განაცხადა, რომ მისი კარიერისთვის „ბაიერნში“ გადასვლა წინ გადადგმული …