მთავარი / წარმატების დაბრუნება

წარმატების დაბრუნება

ანიელის მოსვლამ დირექტორატშიც ცვლილებები გამოიწვია. გენერალური დირექტორის პოსტზე ჯუზეპე მაროტა დაინიშნა, რომელიც მანამდე „სამპდორიაში“ მუშაობდა. ერთწლიანი კორექტირების შემდეგ „იუვე“ მზად იყო თავის სიმაღლეზე დასაბრუნებლად.

2011-2012 წლების სეზონი წინ გუნდში „იუვეს“ მედროშე მოვიდა – ანტონიო კონტე მთავარ მწვრთნელად. ტრანსფერებში გამოსაყოფია ლიხშტაინერი, ვუჩინიჩი, ვიდალი და განსაკუთრებით, ანდრეა პირლო. სეზონის საწყის ტურებში „მილანი“ ლიდერობდა, მაგრამ ეს გასაგები იყო, რადგან „იუვენტუსში“ ბევრი ცვლილება გახლდათ.

პირველ რიგში სტადიონი: „ბიანკონერის“ უკვე თავისი სახლი ჰქონდა, „იუვენტუს სთედიუმი“, თანამედროვე არენა, რომლის ტრიბუნები იმდენად ახლოსაა მოედანთან, რომ ნამდვილად მე-12 ფეხბურთელის როლს თამაშობს. კონტემ გუნდს აგრესიულად თამაში დააწყებინა. სეზონი სკუდეტოს მოგებით დაგვირგვინდა და კაპიტანმა დელ პიერომ „ბიანკონერიში“ გატარებული ფანტასტიკური კარიერა თასის აღმართვით დაასრულა.

კონტე და მისი ბიჭები პარალელურად იტალიის თასის ფინალშიც გავიდნენ, მაგრამ „ნაპოლისთან“ წააგეს. თუმცა, რევანში ორი თვის შემდეგ პეკინში იტალიის სუპერთასზე შედგა და „იუვემ“ სუპერთასიც მოიგო.

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზეც დაბრუნდა, სადაც 2012-2013 წლების სეზონში მეოთხედფინალამდე მივიდა. მაგრამ, გამოსარჩევია ზედიზედ მეორე სკუდეტო, რომელიც სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაფორმდა.

ტრიუმფალური გამოდგა მომდევნო სეზონიც. აგვისტოში კიდევ ერთი იტალიის სუპერთასის ჯერი დადგა, რასაც მიჯრით მესამე სკუდეტოც მოჰყვა სეზონის ბოლოს. კონტეს ბიჭებმა რეკორდიც დამაყარეს, 102 ქულა მოიპოვეს, რაც მანამდე იტალიის ჩემპიონატში არავის გაუკეთებია.

2014 წლის ზაფხულში ბევრი ცვლილება მოხდა. მოვიდნენ ალვარო მორატა, პატრის ევრა და რობერტო პერეირა, ანტონიო კონტემ გუნდი დატოვა და მისი ადგილი მასიმილიანო ალეგრიმ დაიკავა, ხოლო „იუვე“ არ გაჩერებულა. ტურინელებმა ზედიზედ მეოთხედ მოიგეს სკუდეტო, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. 2015 წლის 20 მაისს, რომში მეათე იტალიის თასის ჯერი იყო. „იუვენტუსმა“ ფინალში „ლაციო“ დაამარცხა, თუმცა თასის გათამაშებაში გამოსაჩევია ნახევარფინალი, რადგან „ფიორენტინასთან“ საშინაო 1:2 მარცხის შემდეგ სტუმრად 3:0 მოიგო. მაგრამ, თუ სასწაულებზე ვსაუბრობთ, ჩემპიონთა ლიგა უნდა გამოვყოთ: „იუვემ“ ჯგუფური ეტაპი „ატლეტიკოსთან“, „ოლიმპიაკოსთან“ და „მალმესთან“ ჭიდილში დაძლია, ხოლო მერვედფინალში „დორტმუნდი“ დაამარცხა (2:1 ტურინში, 3:0 სტუმრად). მეოთხედფინალში უკვე „მონაკო“ იქნა დამარცხებული და ჯერი ნახევარფინალზე მიდგა. სადაც, ფავორიტი მადრიდის „რეალი“ იყო, მოქმედი ჩემპიონი, მაგრამ „იუვენტუსმა“ დიდებულად იასპარეზა. შინ 2:1 გაიმარჯვა, ხოლო მადრიდში სასურველ ფრეს მიაღწია (1:1) და ფინალში გავიდა 12 წლის შემდეგ პირველად! ბერლინში, 2015 წლის 6 ივნისს, მეტოქე „ბარსელონა“ და მესი იყო, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა, მაგრამ „იუვენტუსმა“ ტურნირზე თავაწეულმა ითამაშა.