მთავარი / სიახლეები / ვგულშემატკივრობთ “მილანს” და “ინტერს”

ვგულშემატკივრობთ “მილანს” და “ინტერს”

უცნაურად ჟღერს არა?!

ვგულშემატკივრობთ “იუვენტუსის” მთავარ და ისტორიულ კონკურენტებს, ორ მილანურ გრანდს, რომლებსაც ახლა მძიმე დროება უდგათ.

შევეცდები ყველაფერი აგიხსნათ.

ჩვენი საყვარელი გუნდის წარმატებისთვის აუცილებელია მილანელთა აღზევება.

აგერ უკვე მეექვსე სეზონია, ყოველგვარი დაბრკოლებებისა და დრამატიზმის გარეშე ტურინელები იტალიის ჩემპიონები ხდებიან. მათ ფაქტიურად კონკურენტი არავინ ყავთ, მხოლოდ თვითონ თუ ურთულებენ ცხოვრებას საკუთარ თავს, როგორც ეს გასული სეზონის მიწურულს მოხდა, როდესაც “რომას” მოახლოების საშუალება მისცეს.

“რომამ” და “ნაპოლიმ” შეიძლება სეზონის განამვლობაში ორივე თამაშიც კი მოუგონ “იუვეს” მაგრამ მათ აკლიათ სტაბილურობა და ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩების შემდეგ წარუმატებლობის სერია ეწყებათ ხოლმე და აუტსაიდერებთან ანიავებენ მნიშვნელოვან ქულებს.

აბსურდულად ჟღერს, მაგრამ “იუვენტუსის” დომინაცია “კალჩოში” შესაძლებელია მისი ერთ–ერთი მთავარი პრობლემა იყოს ევროპულ ასპარეზზე.

  1. ჩვენ ხშირად მოვისმინეთ “იუვეს” ხელმძღვანელობიდან რომ მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხისა, სეზონი მაინც დადებითად უნდა შეფასდეს, რადგანაც მათ მოიგეს სერია ა და იტალიის თასი. ბოლო წლების განმავლობაში ეს ხშირად მოგვისმენია. გამომდინარე აქედან “უკან სვლად” ყოველთვის აქვთ დატოვებული ერთი ნაბიჯი, გაუბრალოებული და გაადვილებული იტალიის ჩემპიონატი, რომელსაც 6 წლის განმავლობაში შეეძლო სირცხვილი მოეწმინდა გუნდისთვის.
  2. ახლანდელი სერია ა – ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატია. შედარებისთვის შევხედოთ სხვა ქვეყნის სამეულებს.

იტალია – იუვე, რომა, ნაპოლი

ესპანეთი – რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო

ინგლისი – ჩელსი, ტოტენჰემი, მანჩესტერ სიტი

საფრანგეთი – მონაკო, პსჟ, ნიცა

გერმანია – ბაიერნი, ლაიფციგი, დორტმუნდი.

ნუ რა თქმა უნდა ნიცა ამ სიაში ნაკლებ შესაყვანია, მაგრამ დანარჩენები აშკარად უფრო მაღლა დგანან ვიდრე “ნაპოლი” და “რომა”. შეიძლება არა გუნდის ისტორიით, მაგრამ შედეგებით, რესურსებით და ფეხბურთელებით.

ამ ყველაფერს ემატება ის რომ თუკი ნაპოლი არც ყიდის და არც ყიდულობს, რომა აქტიურად ემშვიდობება წამყვან მოთამაშეებს, მართალია მათ ნორმალური შევსება მიიღეს: ბრუნო პერესი, ლორენცო პელეგრინი, რიკ კარსდორფი, ხუან ჟესუსი, ჰექტორ მორენო, ფედერიკო ფაციო და მაქსიმ გონალოსი, მაგრამ გუნდი დატოვეს მოჰამედ სალაჰმა, ფრანჩესკო ტოტიმ, ვოიცეხ შესნიმ, ლეანდრო პარედესმა. რუდიგერი ფაქტიურად უკვე “ჩელსის” წევრია, ნაინგოლანზე კი მთელი ევროპა ნადირობს და მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.

ფაქტიურად გუნდი დაიშალა და ახლიდან აეწყო და ახალწვეულების უმეტესობასაც ჯერ ყველაფერი დასამტკიცებელი აქვთ, ასე რომ ვერავინ იტყვის რომ “გლადიატორები” გაძლიერდნენ.

მილანი და ინტერი, სეზონის მიწურულამდე ასრულებენ ბრძოლას ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის.

ფიორენტინა და ლაციო კი სამწუხაროდ საშუალოზე დაბალ გუნდებად გადაიქცნენ.

გამომდინარე ამ ყველაფრიდან “იუვენტუსის” ამჟამინდელი შემადგენლობა გადაჭარბებულიც კი არის სერია ა – სთვის, ხოლო სუსტია ჩემპიონთა ლიგისთვის.

შესაბამისად გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა ნაწილობრივ მაინც სერია ა–ზეა დამოკიდებული

3. “იუვენტუსს” მუდმივად აკლია მაღალი დონის მატჩების პრაქტიკა. მათ შეუძლიათ “კალჩოს” 19 გუნდიდან 16–17 ს მაინც ნახევარი ძალით მოუგონ.

აი, წარმოიდგინეთ მძლეოსანი. მან 4 წელი უნდა ყოველდღიურად ივარჯიშოს მძიმე წონებზე, შეეცადოს მოუმატოს ყოველდღიურად რომ ბოლოს პირობითად ოლიმპიურ თამაშებზე აწიოს ყველაზე მეტი. თუკი ის ყოველდღიურად აწევს იმის ნახევარს რაც შეუძლია, მისი კუნთი მოდუნდება და შედეგიც შესაბამისი იქნება.

გახსოვთ “დინამოელი” ხისკო? როდესაც ის ჩამოიყვანეს ესპანეთიდან, ერთი უღიმღამო და არაფრით გამორჩეული ფეხბურთელი პრიმერადივიზიონში, რომლის კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა იკერ კასილასითვის გატანილი პენალტი იყო, ის საქართველოს ჩემპიონატის ლიდერად კი არა ფაქტიურად მესიად გადაიქცა, მაგრამ ორ წელიწადში მან საგრძნობი რეგრესი განიცადა. რადგან მას აღარ უწევდა ყოველდღიურად მსოფლიოს საუკეთესო მცველების წინააღმდეგ თამაში, მას აღარ უწევდა საუკეთესო შემტევების შეჩერება, მას აღარ სჭირდებოდა მაღალ ტემპში გადაადგილება მოედანზე და მაღალ ტემპში ფიქრი.

ასეა დღეს “იუვენტუსიც”

თქვენ თვითონ ნახეთ, გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე წელიწადში მაქსიმუმ შეიძლება 13 მატჩი ითამაშოს. ეს 13 მატჩი გადანაწილებულია მთელს სეზონზე, ამას ემატება 3 თვიანი შესვენება ზამთარში.

როდესაც ქვეყნის ჩემპიონატში 38 მატჩია, ამას ემატება თასის მატჩები და გამოდის რომ 40–50 მატჩს გუნდი შიდა ჩემპიონატის დონეზე ატარებს.

აქედან გამომდინარე გუნდის სათამაშო სტილს, პრაქტიკას, კონდიციებს და ფიზიკურ ფორმებს ცალსახად ქვეყნის ჩემპიონატი აყალიბებს.

ახლა უშუალოდ მილანურ გრანდებზე.

გუნდს მარტო ფული რომ ვერ შველის ეს უამრავ მოულოდნელად გამდიდრებული გუნდის მაგალითზე ვნახეთ. გუნდს ქმნის წლები, ისტორია და გამარჯვებები.

შეიძლება დღეს უფრო დიდი გუნდია მანჩესტერ სიტი, მაგრამ მიმაჩნია გეცვას მილანის მაისური უფრო დიდი საფეხბურთო მოვლენაა ვიდრე სხვა დიდი ფინანსური რესურსის მქონე გუნდის.

ასე რომ იტალიაში, თუნდაც სხვა ქვეყნის ინვესტიციით და ფინანსური მხარდაჭერით მხოლოდ ორ გუნდს შეუძლია სწრაფად ავიდეს “ოლიმპზე”, ეს “ინტერნაციონალე” და “მილანია”. მათ გააჩნიათ ისტორია, მათ გააჩნიათ “მუზეუმი” ახლა კი სჭირდებათ ფული და სწორი მენეჯმენტი. ლურჯ–შავები ჯერ ჯერობით პასიურობენ, აი შავ–წითლებმა კი უკვე საკმაოდ სერიოზული ტრანსფერები განახორციელეს და თუ ასე გააგრძელეს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით შეაბიჯებენ მომავალ სეზონში.

რას მოიტანს მილანური გრანდების აღზევება?

  1. კონკურენციის დაბრუნებას. მაროტამ და კომპანიამ შეიძლება კიდევ მრავალჯერ “გააპრავონ” გუნდის წარუმატებლობა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ზუსტად იციან რომ სერია ა–ს ჩაფლავების შემთხვევაში ისინი უმუშევრები დარჩებიან, შესაბამისად მათი პროგრამა მინიმუმი იქნება მინიმუმ შემადგენლობით მაინც არ ჩამორჩნენ სხვა იტალიურ გუნდებს, რათა სერია ა–ს წაგებაში შემთხვევაში მთავარი მიზეზი მწვრთვნელი იყოს და არა მათ მიერ მოყვანილი ფეხბურთელები.
  2. სერია ა – ს საერთო დონის მომატებას. რაც მეტი ვარსკვლავი გამოჩნდება იტალიაში ეს მეტად საინტერესოს და მიმზიდველს გახდის “კალჩოს”. წლების წინ ვერავინ იფიქრებდა თუ ეს პრობლემა იქნებოდა იტალიისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ასეა. ის რასაც ასე ცდილობენ აშშ–ში და ჩინეთში, აპენინის ნახევარკუნძულზე გაცილებით ადვილია. რადგან ჯერ ერთი ევროპა საფეხბურთო სამყაროს ცენტრია, გაცილებით მაღალია ფეხბურთის კულტურა და ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებო “ჩემპიონთა ლიგა”. შესაბამისად თუკი თავიდან ვიღაც ვარსკვლავმა დიდი ჭოჭმანის შემდეგ გადადგა ნაბიჯი და წავიდა ჩინეთში, შემდეგი ვარსკვლავები უფრო ადვილად მიყვნენ და დღეს თითქოს არავის გამოჩენა აღარ გაგვიკვირდება შორეულ აზიაში. იტალიას ამ ყველაფრის ახლიდან გაკეთება და ვარსკვლავების დაბრუნება არ უნდა გაუჭირდეს თუკი შესაბამისი სახსრები გაჩნდება. რა თქმა უნდა მაღალი დონის ფეხბურთელების გვერდით იტალიელი ახალგაზრდებიც უფრო მალე განიცდიან პროგრესს და მათ არ მოუწევთ გაუთავებლად 25–26 წლამდე განათხოვრების წესით და პრაქტიკისთვის სხვადასხვა გუნდებში სტუმრობა, ამის მაგალითია “ბარსელონა” და “რეალი”, როგორ ნელ–ნელა მოახდინეს გუნდში ახალგაზრდების ინტეგრაცია და დღეს უკვე მსოფლიოს ისეთი ახალი ვარსკვლავები ჰყავს როგორებიც არიან დანი კარვახალი, რაფაელ ვარანი, კაზემირო, ლუკას ვასკესი, მარკო ასენსიო, ისკო, სერხი რობერტო, რაფინია, უმტიტი, ხორდი ალბა, მუნირი და ა.შ. ამ ყველაფერმა “იუვესაც” უნდა გაუადვილოს ცხოვრება და გარდა ახალგაზრდების განვითარებისა, მსოფლიოს წამყვანი ფეხბურთელები უფრო მეტად გაბედავენ კარიერის იტალიაში გაგრძელებას.
  3. ფინანსური სარგებელი – ჩემპიონატის და ფეხბურთელთა ხარისხის ზრდა ავტომატურად გამოიწვევს ფინანსური შემოსავლების ზრდასაც, იქნება ეს სასპონსორო თანხები თუ სატელევიზიო კონტრაქტები. გუნდებს შეეძლებათ მეტად კონკურენტუნარიანები გახდნენ სატრანსფერო ბაზარზე და დაბალი სახელფასო ბიუჯეტის გამო არ დაკარგონ წამყვანი ფეხბურთელები.

ეს ის სამი ძირითადი რამ არის, რამაც უნდა გადაარჩინოს მთლიანად იტალიური ფეხბურთი და მათ შორის “იუვეც”

სისტემაც შემდგენაირი იქნება. როგორც იტალიის ოქროს ხანაში.

წამყვანი გრანდები – სტაბილურად კარგი გუნდები – საშუალო დონის გუნდები – აუტსაიდერები

ყველაზე საინტერესო კი ის იქნება წამყვანი გუნდების ამჟამინდელი ფეხბურთელები, რომლების კონკრეტული გვარების ჩამოთვლისგანაც თავს შევიკავებ, უბრალოდ კრებით სახელს დავარქმევ “უძაღლო ქვეყნის მყეფარე კატები” გადაინაცვლებენ სტაბილურად კარგ გუნდებში. დავუშვად ნახევარი მილანის, ინტერის და იუვეს ფეხბურთელები გადაინაცვლებენ რომაში, ლაციოში, ნაპოლიში.

რომას, ნაპოლის და ლაციოს ფეხბურთელები გადაინაცვლებენ ფიორენტინაში, სამპდორიაში, ტორინოში და ა.შ.

ხოლო ფიორეს, სამპას და ტოროს ფეხბურთელები კიევოში, პალერმოში, ბოლონიაში.

ხვდებით რომ ეს მხოლოდ სქემაა და არა კონკრეტული გეგმა, მაგრამ მიმხვედრი მიხვდებოდა რასაც ვგულისხმობდი.

ასე რომ ვგულშემატკივრობთ “მილანს” და “ინტერს”

ვგულშემატკივრობთ სერია – ა –  ს !

და გვიყვარს მხოლოდ იუვენტუსი!

FINO ALLA FINE!!!

 

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *