მთავარი / სიახლეები / ტურინული მდუმარება

ტურინული მდუმარება

ტურინი ერთ–ერთი უძველესი ქალაქია, რომელიც დღემდე არსებობს. ის ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდეა დაარსებული და რომის იმპერია სამხედრო დანიშნულებისთვის იყენებდა. დაზუსტებით ვერ გეტყვით ახლა აქვს თუ არა რაიმე სამხედრო მნიშვნელობა, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით ნამდვილად უმნიშვნელოვანესი წერტილია საფეხბურთო რუკაზე.

ტურინში ორი საფეხბურთო გუნდია: “ტორინო” და “იუვენტუსი”. წლებმა გაცილებით დიდ გრანდად “იუვე” ჩამოაყალიბა და ეს უამრავი ადამიანის შრომის დამსახურებაა. “ბებერ ქალბატონს” მუდამ თან ახლავს გამარჯვებებიც და დამარცხებებიც, იღბალიც და უიღბლობაც, მაგრამ მისი უცნაურობა იმაშია რომ ეს გარემოებები ქმნის მას ათობით მილიონებისთვის საყვარელ გუნდად.

გასული 2016/17 წლების სეზონი ნამდვილად ზღაპარს გავდა, ზღაპარს რომელსაც სამწუხაროდ ბედნიერი დასასრული არ აღმოაჩნდა, “შავ–თეთრები” ამაშიც გამორჩეულები არიან.

ზღაპარი კი კარდიფში, 3 ივნისს დასრულდა, კონკრეტულ მატჩში, შეიძლება ითქვას კონკრეტულად მეორე ტაიმში, ანდა სულაც კონკრეტული მატჩის, კონკრეტულად მეორე ტაიმის კონკრეტულ 3 წუთში.

“იუვენტუსის” ერთი უცნაურობა კიდევ ისაა რომ მისი გულშემატკივრები შეჩვეულები არიან ასეთ დამარცხებებს. უფრო უცნაური კი ისაა რომ ასეთ დროს უფრო მეტად უყვარდებათ “სინიორა”. უყვარდებათ მეტად, იმიტომ რომ რჩება იმედი, ხშირად მოციმციმე, შორეული ვარსკვლავივით შეუმჩნეველი, მაგრამ მაინც იმედი.

იმედმა კი უკვე წლების განმავლობაში მიიღო ფორმა, ის კონკრეტულია და რამოდენიმე ეტაპად იყოფა.

  1. სატრანსფერო ფანჯარა
  2. სეზონის პირველი ნაწილი
  3. სეზონის მეორე, დასკვნითი ნაწილი

ახლა ჩვენ ვიმყოფებით იმედის პირველ ნაწილში.

ანუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა იტალიაში ოფიციალურად გაიხსნა (01.07.2017)

სამწუხაროდ ბოლო წლებია, ანუ მას შემდეგ რაც გუნდის სათავეში ექს–სამპდორიელი ჩინოვნიკები, ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი მოვიდნენ, პირველი რაზეც ფიქრობენ “ტიფოზები” ეს არის რომ არ გაიყიდოს გუნდის წამყვანი ფეხბურთელები, მაგრამ მათ მაინც “მოახერხეს” გუნდიდან გაეშვათ პოლ პოგბა, არტურო ვიდალი, ანდრეა პირლო, ალვარო მორატა, კარლოს ტევესი, ალესანდრო დელ პიერო, დომენიკო ბერარდი, დანი ალვეში და სხვა მრავალი.

რა თქმა უნდა ჩამოთვლილთაგან ყველა არ არის ერთი კალიბრის და დონის მოთამაშე, რა თქმა უნდა აქ იყო უამრავი სხვადასხვა დეტალი, სხვადასხვა გარემოება, მაგრამ გუნდმა მაინც ვერ შეძლო იმ კადრების შენარჩუნება რომლებსაც დღემდე მისტირის ან ახლა ცდილობენ მათ დამატებას.

ბერარდის მაგალითი გავიხსენოთ და შემდეგ დავფიქრდეთ რამდენი წელია მის უკან ყიდვაზე საუბრობენ?

გავიხსენოთ თუნდაც პირლოს და დელ პიეროს მაგალითები, რომლებსაც მიუხედავად ასაკისა, კიდევ ბევრი სარგებლის მოტანა შეეძლოთ გუნდისთვის, თუ არა სტაბილურად მთელს სეზონში, კონკრეტულ მატჩებში და თუნდაც კონკრეტულად ერთ ტაიმში.

ნუთუ უმოტივაციო კარლოს ტევესისთვის არ შეიძლებოდა მოტივაციის მოძებნა? ხომ მოუძებნეს მას ჩინეთში და ისევ გადაიფიქრა აპაჩიმ სახლში ყოფნა?

ნუთუ მხოლოდ მათ “მდაბიო” სულშია პოგბას და ვიდალის წასვლის მიზეზი?

თქვენ იტყვით რომ “იუვე” ყოველთვის ყიდდა ფეხბურთელებს და პირველი ალბათ ზინედინ ზიდანის მაგალითს მოიყვანთ, მაგრამ გიპასუხებთ ზიდანმა და პიპო ინძაგიმ “მოიყვანეს” გუნდში ჯანლუიჯი ბუფონი, ლილიან ტურამი და პაველ ნედვედი.

ვინ მოიყვანა პოგბამ? 105 მილიონიდან, ჩვენ შეგვხვდა 70 მილიონი, ამას დავამატეთ 20 მილიონი და მსოფლიოში პირველები აღმოვჩნდით ვინც ფეხბურთელი წონით ვიყიდეთ. კილოგრამი = 1 მილიონი. გონსალო “პიპიტა” იგუაინი.

სადავოა, მაგრამ მაინც შევთანხმდებით რომ ფიზიკურად დელ პიერო ვეღარ გაუწევდა კონკურენციას დავუშვად სება ჯოვინკოს, ალესანდრო მატრის და მირკო ვუჩინიჩს, რომ ალექსი ვეღარ ირბენდა ძველებურად 90 წუთს მთელი სეზონის განმავლობაში, მაგრამ ნუთუ ვინც მის შემცვლელად მოიყვანეს ის არ იყო მათზე ორი თავით უკეთესი? ნუთუ ის სკამისთვის არ იქნებოდა უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ვიდრე ნიკოლას ანელკა, ნიკლას ბენდტნერი ან ფაბიო კვალიარელა? იგივე შეგვიძლია ვთქვათ ანდრეა პირლოს მაგალითზე.

ვფიქრობ ყველანი ვთანხმდებით, შეიძლება ზოგი ტრანსფერი უბრალოდ კი არ ამართლებს, საუკეთესოც კი არის ისტორიაში, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში “იუვეს” სატრანსფერო ფანჯარა არასდროს ყოფილა სრულყოფილი.

წლევანდელი წელი ნამდვილად გამორჩეულად დაიწყო, უარყოფითად გამორჩეულად.

თუკი ადრე ჭორებით მაინც “გვაშინებდნენ” ახლა ეს სიამოვნებაც მოგვაკლეს. დღეების განმავლობაში ვათვალიერებთ სხვადასხვა სპორტულ ვებ–გვერდებს, ყველაზე ჭორიკანა გამოცემებსაც კი და შედეგი ერთი, მომსვლელებზე, თუ არ ჩავთვლით უკვე თითქმის საპენსიო ასაკის “ნიჭიერ ახალგაზრდას”, მატია დე შილიოს დაუსრულებელ სატრანსფერო საგას, ახალი საერთოდ არაფერი ისმის.

სამაგიეროდ არ ჩერდება ხმები წამსვლელთა შესახებ: ბონუჩი, ალექს სანდრო, პაოლო დიბალა… ხოლო დანი ალვესმა უბრალოდ დაგვცინა და ისე დაგვტოვა. დიახ, თქვა “თუკი დიბალას უნდა გახდეს დიდი ფეხბურთელი, უნდა წავიდეს “იუვენტუსიდანო”. თქვა და წავიდა…

ლონდონის “არსენალიც” კი, რომელიც წლებია ვერანაირ წარმატებებს ვერ აღწევს, მდიდარი გუნდების “ფარმ–კლუბად” იქცა და უფრო “აიაქსის” ტიპის გუნდს გავს ვიდრე ინგლისურ გრანდს, 125 მილიონ ფუნტს სთავაზობს “მონაკოს” და მზადაა მსოფლიო რეკორდი დაამყაროს 18 წლის კილიან მბაპეს გადმოსაბირებლად.

“იუვენტუსს” კიდევ, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება აქტიურობა, არაფერს აკეთებს (იმედია ჯერჯერობით)

  1. ჯანლუიჯი ბუფონი მომავალი წლიდან აღარ იქნება, ეს ყველამ იცის, ჯიჯიმ ბევრჯერ განაცხადა ამის შესახებ და სასწრაფოდ არის მოსაძებნი მაღალი დონის მეკარე. ხელმძღვანელობა ვოისეხ შესნის შეძენას აპირებს, ადამიანმა რომელმაც “არსენალის” ძირითადში ვერ შეძლო დამკვიდრება და “რომას” ხელმძღვანელობა ვერ დაარწმუნა რომ უნდა გამოისყიდონ, ლეგენდარული ჯიჯი ბუფონის შემცვლელად განიხილება.
  2. დანი ალვეში წავიდა, სტეფან ლიხშტაინერი ასაკშია და აღარ არის ისეთი სტაბილური და მებრძოლი როგორიც ადრე, კუადრადო არ არის ნომინალური მცველი, ის შემტევია. მოკლედ მარჯვენა მცველის ვაკანსია ტურინში ისევ აქტიურია.
  3. მარცხენა ფლანგზე, თუკი მოახერხებენ შენარჩუნებას, ალექს სანდრო საუკეთესოა, შემცვლელიც ჰყავს, კვადვო ასამოას სახით, დაცვის ცენტრში, კიელინი და ბონუჩი უალტერნატივოები არიან, ასევე გამოცდილი ვეტერანი ანდრეა ბარძალი, ნამდვილად კარგი მცველი მეჰდი ბენატია, რომელსაც ალბათ მომავალ სეზონში მეტი შანსი მიეცემა, ნიჭიერი ახალგაზრდა დანიელე რუგანი და ახლად შეძენილი ტალანტი მატია კალდარა, მაგრამ ნახევარდაცვაში პრობლემები ნამდვილად გვაქვს, რაც გამოჩნდა კიდეც სეზონის შემაჯამებელ მატჩში. ფაქტია რომ “რეალის” დაწუნებული სემი ხედირა არ არის საკმარისი “რეალის” დასამარცხებლად, ფაქტია რომ მირალემ პიანიჩი ან სათანადოდ ძლიერი არ არის, ან მისი ადაპტაცია უკვე წელიწადია რაც გრძელდება. სტეფანო სტურარო, მარიო ლემინა და ტომას რინკონი საშუალოზე დაბალი დონის შემსრულებლები არიან. კლაუდიო მარკიზიო აღარაა პრინცი, ის უკვე მეფის ასაკშია, მაგრამ გვირგვინი ვერ დაიდგა. როლანდო მანდრაგორა კი ირიცხება გუნდში, მაგრამ მისი თამაში არ გვინახავს, ისევე როგორც როდრიგო ბენტანკური, მაგრამ ეს ორი უკანასკნელი მაინც განათხოვრებისთვის უფრო არიან მზად ვიდრე “იუვეს” ძირითადისთვის. შესაბამისად ყველაზე მეტი სამუშაო ჩასატარებელი მაინც მოედნის ცენტრშია და მინიმუმ ორი უმაღლესი დონის კადრია მოსაყვანი, რომელიც ერთი ორიენტირებული უფრო ჩაშლით თამაშზე იქნება და მეორე შეტევაზე.
  4.  შეტევის ხაზში პრობლემები ნაკლებადაა, მანჯუკიჩი, იგუაინი, კვადრადო, ტრამვა მოშუშებული პიაცა, ახლად შეძენილი შიკი და იმედს ვიტოვებთ ნახევარდაცვაში მოგვარებული პრობლემების შემდეგ ნახევარმცველის ფუნქციებისგან გამონთავისუფლებული და შეტევაზე ორიენტირებული პაოლო დიბალა ყველაფერს მოაგვარებენ.

ტურინში, ისევე როგორც თბილისში, ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, ხალხი თავს აფარებს მზის სხივებებს. სამწუხაროდ მაღალი არ არის სატრანსფერო ტემპერატურა, ჯერ ჯერობით უიმედოდ გრილა და ტურინში დუმილია…

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *