მთავარი / ბლოგი / შავ-თეთრი გული
შავ-თეთრი გული

შავ-თეთრი გული

დღეს კლაუდიო მარკიზიოს იუბილეა. „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი, თუმცა, დღემდე ნამდვილი იუვენტინო 33 წლის გახდა. მარკიზიო 1986 წლის 19 იანვარს ტურინში დაიბადა.

მისი საფეხბურთო კარიერა 1993 წელს, „იუვენტუსის“ საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. პირველ გუნდში კი დებიუტი 2006 წელს 19 აგვისტოს იტალიის თასზე „მარტინასთან“ შეხვედრაში შედგა.

კლაუდიომ 2006-2007 წლების სეზონი „იუვესთან“ ერთად სერია B-ში გაატარა, ხოლო 2007 წლის ზაფხულში „ემპოლიში“ გაანათხოვრეს. განშორება დროებითი გამოდგა. ნიჭიერი ნახევარმცველი ტოსკანელთა რიგებში წარმატებული თამაშით გამოირჩა, სერია A-ში 26 მატჩი ჩაატარა და 2008 წლის ზაფხულში ტურინში დააბრუნეს. აქედან მოყოლებული „პრინცი“ 10 წლის განმავლობაში „იუვეს“ ძირითად შემადგენლობაში თითქმის უცვლელად ხვდებოდა (თუ არ ჩავთვლით მისი ტურინული კარიერის ბოლო პერიოდს).

პირველივე სეზონში კლაუდიო რანიერი ხშირად ენდობოდა, კრისტიან პოულსენზე და ტიაგო მენდეშზე დიდ დროს აძლევდა. მისი მეწყვილე მოედნის ცენტრში მომო სისიკო იყო. მარკიზიოს სამშობლოში ლეგენდარულ თანამემამულეს, მარკო ტარდელის ადარებდნენ და მანაც, გაცემული ავანსები ასე თუ ისე, გაამართლა. „იუვეს“ მაისურით სადებიუტო გოლი 2009 წლის 24 იანვარს, ფლორენციის „ფიორენტინას“ გაუტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა. სხვათა შორის, კლაუდიოს შესანიშნავი საგოლე პასი ალესანდრო დელ პიერომ გაუკეთა, რომელიც მარკიზიოს კუმირი იყო და რომლის თამაშებზეც გაიზარდა, ისწავლა „იუვეს“ ერთგული სიყვარული.

იმ სეზონში მის ანგარიშზე 24 მატჩი და 3 გოლი დაგროვდა იტალიის ჩემპიონატში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 6 თამაში ჩაატარა. ნელ-ნელა იტალიელი „იუვეს“ შეუცვლელი ფიგურა ხდებოდა. მომდევნო ორი სეზონი კლუბისთვის წარუმატებელი გამოდგა და ამის ფონზე, ერთ-ერთი ნათელი წერტილი სწორედ 23 წლის ფეხბურთელი იყო. მარკიზიომ მომდევნო ორ სეზონში 76 თამაში ჩაატარა და თავი 7 გოლით გამოიჩინა. ამ პერიოდში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ორი გოლი გამოდგა. 2009 წლის 5 დეკემბერს, „ინტერთან“ გამარჯვების გოლი, როდესაც მცველს ძალიან ლამაზი მოძრაობით აუარა გვერდი და ჟულიო სეზარს ბურთი თავზე გადაუგდო. მეორე გოლი კი 2010-2011 წლების სეზონში დაფიქსირდა. „უდინეზესთან“ „იუვე“ შინ 1:2 დამარცხდა. თუმცა, მარკიზიომ კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გაიტანა – ულამაზეს სტილში, „მაკრატელა“ დარტყმით.

შემდეგ კი, გუნდში ანტონიო კონტე მივიდა. მის ხელში კლაუდიომ კარიერის საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა. კონტემ მარკიზიოს ანდრეა პირლოსა და არტურო ვიდალის გვერდით უფრო მეტი თავისუფლება მიანიჭა და ფეხბურთელიც გაიხსნა. კლაუდიომ 2011-2012 წლების სეზონში სერია A-ში 36 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. ასეთი შედეგიანობით მას არც მანამდე და არც მას შემდეგ უთამაშია. ბევრი დასამახსოვრებელი გოლიც იყო – დუბლი „მილანთან“, გამარჯვების გოლი დიდ იტალიურ დერბში „ინტერთან“ სტუმრად, გოლი „რომასთან“. თუმცა, სილამაზის მხრივ იმ სეზონის პირველი გოლი უნდა გამოვყოთ. „იუვენტუს სთედიუმზე“ პირველი ოფიციალური თამაში, 2011 წლის 11 სექტემბერს, „იუვემ“ „პარმა“ 4:1 გაანადგურა, ხოლო კლაუდიომ მატჩის მიწურულს სტუმართა კარში მეოთხე ბურთი შეაგდო. იტალიელმა ანდრეა პირლოს ბრწყინვალე პასი ერთი შეხებით დაამუშავა, კარში ზუსტად გადაგზავნა, მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი – ეს ყველაფერი მან ერთი შეხებით მოახერხა!

მარკიზიო მომდევნო სეზონების განმავლობაშიც ტურინელთა ლიდერი იყო. 2012-2013 წლების სეზონში კი სადებიუტო გოლიც გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე დანიურ „ნორდშელანდთან“. ანტონიო კონტემ გუნდი 2014 წელს დატოვა, მაგრამ მასიმილიანო ალეგრისთვისაც მნიშვნელოვანი და შეუცვლელი ფიგურა იყო. ეს 2014-2015 წლების სეზონში. მართალია, მაშინ 52 მატჩში (ყველა ტურნირის ჩათვლით) მხოლოდ 3 გოლი გაიტანა („უდინეზესთან“, „ჩეზენასთან“ და „ინტერთან“), მაგრამ გუნდის იმ დროინდელ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ტურინელები ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდნენ, სადაც „ბარსელონასთან“ 1:3 წააგეს. ეს ერთადერთი გოლი ალვარო მორატამ გაიტანა, მაგრამ მარკიზიოს როლი ამ ეპიზოდში დიდი იყო. სწორედ კლაუდიომ დაიწყო შეტევა შესანიშნავი და დაუვიწყარი პასით, რომელიც სტეფან ლიხშტაინერს ქუსლით გაუკეთა და ესპანელი ნახევარმცველები უსაქმოდ დატოვა.

2015-2016 წლების სეზონი ფეხბურთელისთვის ალბათ ყველაზე წარუმატებელი იყო. სეზონი დასასრულს უახლოვდებოდა, ხოლო ევროპის ჩემპიონატი ახლოვდებოდა, სადაც მარკიზიო ძველი ნაცნობის, ანტონიო კონტესთვის იტალიის ნაკრებში ისევ დასაყრდენი მოთამაშე უნდა ყოფილიყო. თუმცა, აპრილში, „პალერმოსთან“ არაფრის მომცემ მატჩში და უწყინარ ეპიზოდში, ფრანკო ვასკესთან შეჯახებისას ფეხი მოიტეხა… მარკიზიომ არათუ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშა, არამედ ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდა.

ტრავმის მოშუშების შემდეგ კი ფორმის აღდეგან გაუჭირდა. შედეგად, „იუვეს“ ძირითად შემადგენლობაშიც დაკარგა ადგილი და მოედანზე იშვიათად ჩნდებოდა. 2016-2017 წლების სეზონში 2 გოლი გაიტანა, აქედან ერთი ჩემპიონთა ლიგაზე („სევილიასთან“), ერთიც იტალიის ჩემპიონატში „პალერმოსთან“. თუმცა, მარკიზიო აღარ იყო შეუცვლელი ფიგურა გუნდისთვის, თუმცა, სიყვარულის გამო უთამაშებლობას ეგუებოდა.

სიტუაცია არც 2017-2018 წლების სეზონში შეცვლილა. ის კიდევ უფრო იშვიათად ჩნდებოდა მოედანზე. სხვათა შორის, 2017 წლის ზაფხულში „მილანი“ უარით გაისტუმრა და თქვა, რომ იტალიაში „იუვენტუსის“ გარდა სხვა გუნდის რიგებში არასდროს ითამაშებდა. 2018 წლის აგვისტოში მხარეებმა კონტრაქტი ვადის გასვლამდე 2 წლით ადრე გაწყვიტეს. ეს თითქოს მოულოდნელი სვლა იყო, რადგან მანამდე „იუვე“ ჯიჯი ბუფონმა დატოვა და ფანებისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა მეორე საყვარელი მოთამაშის გუნდიდან წასვლა. თანაც, წინასასეზონო მატჩებში მარკიზიო მუდმივად თამაშობდა და კიელინის არყოფნაში კაპიტანიც იყო.

მიუხედავად ამისა, ეს ისტორია დასრულდა. თუ ბავშვთა აკადემიაში გატარებულ პერიოდსაც ჩავთვლით, 25-წლიანი ისტორია გამოდის. მარკიზიომ „იუვეს“ მთავარ გუნდში 389 თამაში ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა. 7-ჯერ მოიგო სკუდეტო, 4-ჯერ იტალიის თასი, 3-ჯერ იტალიის სუპერთასი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

მარკიზიო კლუბი დატოვა და სიტყვა შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიური გუნდები ისევ ეპატიჟებოდნენ, რუსეთში, „ზენიტის“ რიგებში გადავიდა. ბოლო დროს ხშირად ნახავთ სოციალურ ქსელში მარკიზიოს სტატუსებს „იუვენტუსზე“ და ის გუნდს ისევ ისეთი ვნებით ქომაგობს, როგორც მაშინ, 7 წლის რომ იყო და „ბებერი სინიორას“ აკადემიაში მივიდა ფეხბურთის სათამაშოდ…

იტალიის ნაკრები? – კლაუდიოს დებიუტი 2009 წლის აგვისტოში შვეიცარიასთან სპარინგში შედგა. პირველი შანსი მარჩელო ლიპისგან მიიღო. 2010 წელს სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე საწყისი ორი მატჩი სასტარტო შემადგენლობაშიც იყო (პარაგვაისთან და ახალ ზელანდიასთან).

თუმცა, „სკუადრა აძურას“ რიგებში საუკეთესო პერიოდი ჩეზარე პრანდელისთან ერთად გაატარა. 2011 წელს, ბელგრადში სერბეთს გაუტანა და ეს იყო იტალიის ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლი. 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. იტალია ფინალამდე შეუდარებლად თამაშობდა, მაგრამ ფინალში ესპანეთს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

სხვათა შორის, იმ ევროფორუმზე კლაუდიო „აძურას“ შეუცვლელი ფიგურა იყო – ექვსივე მატჩი ფინალურ ეტაპზე ჩაატარა და თანაც ისე, რომ 1 წუთიც არ გამოუტოვებია. ასეთი შედეგი იმ ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებში მარკიზიოს გარდა, „იუვეს“ კიდევ ორ ფეხბურთელს ჰქონდა – ჯიჯი ბუფონს და ანდრეა პირლოს. სწორედ ეს სამი ფეხბურთელი პრანდელის არ შეუცვლია ევრო 2012-ზე.

ამას მოჰყვა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი. პირველივე შეხვედრაში იტალიამ ინგლისი 2:1 დაამარცხა. პირველი გოლი კი მარკიზიომ გაიტანა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ჯო ჰარტის კარის კუთხეში სიუველური სიზუსტით გაგზავნა ბურთი. თუმცა, საწყისი გამარჯვების მიუხედავად „აძურამ“ მომდევნო ორი თამაში წააგო და ჯგუფში ჩარჩა.

საბოლოოდ, მარკიზიოს დღემდე იტალიის ნაკრებში 55 თამაში აქვს ჩატარებული და 5 გოლი გაიტანა. ბოლოს, თავი 2015 წელს რუმინეთთან სპარინგში პენალტით გამოიჩინა. იტალიის ნაკრებში ბოლოს 2017 წლის ივნისში, ურუგვაისთან ითამაშა. თუმცა, მატჩის მეათე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა. იქედან მოყოლებული მარკიზიოს „ცისფერი“ მაისური არ ჩაუცვამს.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრებში 2014 წლის შემდეგ (2015, 2016, 2017, 2018 წლებში) მარკიზიომ მხოლოდ და მხოლოდ, 4 თამაში ჩაატარა…

მისი კარიერა ახლა სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში“ გრძელდება, რომლის რიგებშიც 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. სხვა გუნდის მაისური აცვია, თუმცა, მისი გული ისევ შავ-თეთრია…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …