მთავარი / სიახლეები / საუბარი გუშემატკივართან – მერკე მაისურაძე

საუბარი გუშემატკივართან – მერკე მაისურაძე

JUVENTUS.GE  აგრძელებს რუბრიკას „საუბარი გულშემატკივართან“, რომლის მორიგი სტუმარი „იუვენტუსის“ ქართული ფანკლუბის აქტიური წევრი მერკე მაისურაძეა.
  • როდიდან გულშემატკივრობთ „იუვენტუსს“?

ჩემი და „იუვენტუსის“ სიყვარულის ისტორია  1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაიწყო, სადაც იმ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი რობერტო ბაჯო თამაშობდა.  ბაჯო „იუვენტუსის“ გამორჩეული ფეხბურთელი იყო და მეც იმ მომენტიდან გადავწყვიტე რომ უნდა უნდა მექომაგა ტურინული კლუბისთვის.

  • საუკეთესო ფორმაციის იუვენტუსი, რომელსაც მოსწრებიხართ?

– ალბათ მაინც ლიპის „იუვენტუსი“ 1996 წლის.

  • თამაში, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ?

– „იუვენტუსი“ 3-1 „რეალი“, 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი.

  • მომენტი, რომლის შეცვლა გსურთ…

– პაველ ნედვედის ყვითელი ბარათი იგივე მატჩში მადრიდის „რეალთან“. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ფინალში ნედვედი რომ ყოფილიყო, „მილანთან“ პენალტების სერიამდე საქმე არ მივიდოდა.

  • საყვარელი ფეხბურთელი

– ალესანდრო დელ პიერო. ის ჩემი ფეხბურთის ღმერთია.

  • როგორ ფიქრობთ, ვინ იყო „იუვენტუსის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი?

– რა თქმა უნდა ალესანდრო დელ პიერო. ის მარადიული კაპიტანია და „იუვენტუსის“ ლეგენდაა.

  • საუკეთესო მწვრთნელი…

– მარჩელო ლიპი. რომელმაც „იუვენტუსით“ ყველა შესაძლო საკლუბო ჯილდო მოიგო და თან იტალიის ნაკრებთან ერთად გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

  • იტალიის ჩემპიონატისგან განსხვავებით რა არის ის, რაც „იუვეს“ ზღაპარს კეთილად ვერ ასრულებს. (ჩემპიონთა ლიგა მაქვს მხედველობაში)

– მხოლოდ და მხოლოდ უიღბლობა. 6 ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოვესწარი და აქედან 5-ში დავმარცხდით. ძალიან განვიცადე 1998 წლის ლიგის ფინალი, სადაც მიატოვიჩის თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლით დავმარცხდით მადრიდის „რეალთან“. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საგოლმე მომენტი გვქონდა. ასევე „მილანთან“ 2003 წლის ფინალი, სადაც ახლაც მჯერა, რომ პაველ ნედვედს რომ ეთამაშა იმ მატჩში პენალტების სერიამდე საქმე არ მივიდოდა და ჩვენ მოვიგებდით ძირითად დროში.

  • ფეხბურთელი, რომელიც იუვეს მაისურით თამაშს არ იმსახურებდა?

– ვისაც ოდესმე ჩაუცვამს შავ-თეთრი მაისური და კიდევ ჩაიცმევს, ყველა ღირსეულია.

  • ფან კლუბი – რას ნიშნავს თქვენთვის ფან-კლუბის წევრობა?

– ფან კლუბის არის „შავ-თეთრი ოჯახი“ („La Famiglia Bianconera), იგივე „ცხოვრების ანესთეზია“ როგორც ჩვენი საყვარელი იუვენტინა ნინო გვიმრაძე ამბობს ხოლმე, რომლის ყველა წევრს გვაქვს საერთო ინტერესი და მისწრაფება. ჩვენ არამარტო „იუვენტუსის“ წარმატებას ან წარუმატებლობას ვიზიარებთ, არამედ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ვიცით ერთმანეთის ყველაფერი. მე პირადად ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და ხანდახან მგონია, რომ მათ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. საოცარი ატმოსფეროა ფან კლუბში იუვეს თამაშებზე. ხშირად სხვა გუნდის გულშემატკივრებიც დადიან. ჩართული ვართ არაერთ პროექტში სადაც ვცდილობთ ჩვენი ფან კლუბი წარმოვაჩინოთ დადებითი კუთხით.

  • ვისი ხილვა გსურს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად?

– ეს ცოტა რთული კითხვაა. კონკრეტულად ვინმეს დასახელებისაგან თავს შევიკავებ. ალბათ ისეთი მწვრთნელი, ვინც ამ გუნდის პოტენციალს სრულად გამოიყენებს. ათამაშებს შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს. ამ გუნდს ბევრის მიღწევა შეუძლია თავისი ამჟამინდელი ფორმაციით და გრძელი სათადარიგო სკამით. ბოლო ბოლო ჩვენ ხომ კრიშტიანო რონალდო გვყავს.

  • თვლით, თუ არა, რომ იუვეს ისტორიაში პორტუგალიელი საუკეთესო შენაძენია?

– ერთ-ერთი საუკეთესო. რადგან „იუვენტუსში“ ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ როგორებიც იყვნენ: ჯიჯი ბუფონი, პაველ ნედვედი, ზინედინ ზიდანი, მიშელ პლატინი, რობერტო ბაჯო და ა.შ.

  • რონალდუს ფაქტორი „იუვენტუსში“…

– რონალდოს ეფექტი ძალიან დიდია. მისმა ტრანსფერმა დიდი როლი ითამაშა, როგორც საფეხბურთო ისე მარკეტინგული კუთხით. გაიზარდა კლუბის აქციები, მაისურები რეკორდული რაოდენობით იყიდება. რაც საბოლოო ჯამში „იუვენტუსისთვის“ და იტალიური ფეხბურთისთვი დიდი სარგებელია.

  • „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა კვლავ კრახით დაასრულა, რა არის ამის მიზეზი?

– მიზეზები შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ წლევანდელ ლიგის გათამაშებას რაც შეეხება, ჩემი აზრით „აიაქსთან“ განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩისთვის ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა ტრავმის გამო. არ იყო შემადგენლობის ვარირების და გაძლიერების საშუალება,  რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა ფატალურ შედეგამდე.

  • კლუბის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი?

– 1996 წელი, როდესაც საკლუბო დონეზე ყველა ჯილდო მოვიგეთ.

  • ფეხბურთელი, რომელიც დღევანდელ შემადგენლობას აკლია?

-პოლ პოგბა. ჩემი აზრით ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.

  • დასრულებულ სეზონს როგორ შეაფასებდით და რა მოლოდინი გაქვს მომდევნო სეზონში?

– დასრულდა ისე, როგორც დასრულდა. ასე თუ ისე მაინც წარმატებული სეზონი იყო. ზედიზედ მერვედ ვიზეიმეთ სკუდეტო, რაც წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში სარეკორდოა. დიდი მოლოდინი იყო ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობის, მაგრამ გარკვეულმა ფაქტორებმა არ მოგვცა საშუალება ასე ნანატრი ჩემპიონთა თასის აღმართვის. რაც შეეხება მომავალ სეზონს, პირველ რიგში კვალიფიციური მწვრთნელია საჭირო, რომელიც გამარჯვებების ახალ ციკლს დაიწყებს, დაცვის და ნახევარდაცვის რგოლების გაძლიერება. პრიორიტეტი ისევ ყველა ჯილდოს მოგება იქნება (სერია ა, კოპა იტალია და ჩემპიონთა ლიგა). ვიმედოვნებ რომ ამ ჯერზე მაინც გაგვიმართლებს და საფეხბურთო ფორტუნა ჩვენს მხარეზე იქნება.

  • დაასახელეთ სამი ფეხბურთელი, რომლის ხსენება ნიშნავს „იუვენტუსს“…

– ალესანდრო დელ პიერო, ჯანლუიჯი ბუფონი, მიშელ პლატინი

  • ვის მიერ გატანილ გოლს გამოარჩევდით გასულ სეზონში?

– კრიშტიანო რონალდოს გოლი ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ იუნაიტედის კარში.

  • შანსი რომ გქონდეთ იუვეს რომელ ფეხბურთელს შეხვდებოდით და რას ეტყოდით?

– ისევ და ისევ ალესანდრო დელ პიეროს და ვთხოვდი, რომ აღარ იაროს ჩემპიონთა ლიგის ფინალებზე. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. არ ვიცი რას ვეტყოდი, ეხლა ვერ გეტყვით. 2001 წლის 2 ივნისს ვნახე პირველად ჩემი მარადიული კაპიტანი დინამოს სტადიონზე და ახლოს რომ მოვიდა ავტოგრაფზე ემოციისგან ხმა წამივიდა და მადლობაც ვერ ვუთხარი. ვერაფერი ვერ ვუთხარი. ერთი მახსოვს ჩავილაპარაკე ჩემთვის Forza Juve.

  • და ბოლოს… იუვეს ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული…

– ჯანლუიჯი ბუფონი, ლილიან ტურამი, ფაბიო კანავარო, ჯორჯო კიელინი, ჯანლუკა ძამბროტა, ზინედინ ზიდანი, ედგარ დავიდსი, ანდრეა პირლო, რობერტო ბაჯო, ჯანლუკა ვიალი, ალესანდრო დელ პიერო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …