მთავარი / სიახლეები / სატრანსფერო სიახლეები
სატრანსფერო სიახლეები

სატრანსფერო სიახლეები

მიუხედავად იმისა რომ გუნდი ეროვნულ ჩემპიონატსაც ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფის პირველადგილოსანიცაა, გუნდის ასპარეზობა შორსაა იდეალურისგან, ნათლად სჩანს ხარვეზები, განსაკუთრებით კი ცენტრალურ რგოლში, ამას რა თქმა უნდა გუნდის დირექტორატიც ამჩნევს და ისინი აქტიურად მუშაობენ ამ საკითხზე.

ამ საკითხზე მუშაობა კი პირველ რიგში შემადგენლობის კვალიფიციური კადრებით შევსებას ნიშნავს.

განვლილი 2 წლის განმავლობაში გუნდმა ისეთი წამყვანი და გამოცდილი ფეხბურთელები დაკარგა როგორიცაა, არტურო ვიდალი, პოლ პოგბა, ანდრეა პირლო, კარლოს ტევესი. კარლიტოს წასვლა შედარებით ადვილად გადაიტანა გუნდმა, რადგან მოვიდნენ დიბალა, მანჯუკიჩი, იგუანი, მაგრამ ნახევარდაცვა ვერა და ვერ გაიმართა. მოგეხსენებათ ამ ოთხს ერთად კი არა ცალცალკეც შეეძლოთ თამაშის ბედის გადაწყვეტა, ასე რომ ახლა, მიუხედავად იმისა რომ გუნდში არიან მირალემ პიანიჩი, კლაუდიო მარკიზიო, სემი ხედირა და სხვა ნიჭიერი ნახევარმცველები ყველა ვთანხმდებით რომ სასწრაფოდ საჭიროა შუახაზის გამართვა, რადგან წინ გადამწყვეტი პერიოდია, როგორიცაა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფები და სერია A –ს დასკვნითი ეტაპი.

მომსვლელებიდან ყველაზე რეალური კანდიდატი ბელგიის ნაკრების და პეტერბურგის “ზენიტის” ცენტრი, აქსელ ვიტსელია, რომელიც ცხელი აგვისტოს ბოლო დღეს ტურინში იჯდა ავტოკალმით ხელში და რუსებისგან ტრანსფერის დადასტურებას ელოდებოდა, მაგრამ მათ ბოლო წამს გადაიფიქრეს, ახლა კი როდესაც მის კონტრაქტს ამოწურვამდე 6 თვე უკლია, მაროტა ცდილობს ახლა მაინც დაითანხმოს “ბომჟები” (ნუ გაგიკვირდებათ, ასეთია “ზენიტის” ერთ–ერთი მეტსახელი) და ზაფხულში უფასოდ გაშვებას, ცდილობს ახლავე 6 მილიონი ევრო შეაძლიოს.

გადამწყვეტი ფაქტორი კი რა თქმა უნდა ისაა რომ ლურჯ–თეთრები ჩემპიონთა ლიგის 2016–2017 წლის გათამაშებას ტოვებენ და თმაგაბურძგნულ ბელგიელს შეუძლია ჩაემატოს “იუვეს” საჩემპიონთალიგო განაცხადს.

აქვე სატრანსფერო რადარზე გამოჩნდა “ატალანტას” კოტ–დიუვარელი ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს და ბერგამოელების ცხრილის ზედა ნაწილში ყოფნაც გარკვეულწილად მისი დამსახურებაა. სამწუხაროდ საინტერესო კადრების რადარი არა მარტო ტურინში აქვთ და შესაბამისად 19 წლის ფრენკ კესი მანჩესტერშიც ანათებს. როგორც ჩანს მისი ხილვა გუნდში ჟოზე მოურინიოსაც სურს. ამ წუთისთვის შავი ბრილიანტის ფასი 20 მილიონამდეა, მაგრამ შეიძლება კიდევ გაიზარდოს თუკი ზამთარში მასზე აუქციონის ტიპის ვაჭრობა გაიმართება.

ის კი ვინც მოლაპარაკება უნდა აწარმოოს, ანუ ფაბიო პარატიჩი, “სევილია” – “იუვენტუსის” თამაშის შემდეგ პირდაპირ გერმანიაში გაფრინდა და “მიუხენგლადბახის” მატჩს დაესწრო “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ. არა იმიტომ რომ ფაბიო რომელიმე მათგანის ფარული თაყვანისმცემელია… ის უბრალოდ გლადბახელ მაჰმუდ დაჰუდს აკვირდებოდა. ალბათ რამოდენიმე კაცის გარდა არავინ იცის რა დასკვნა გამოიტანა “იუვეს” დირექტორატის წევრმა, ამას სულ მალე გავიგებთ, მაგრამ სირიელი 20 წლის ნახევარმცველი ასევე “ლივერპულის” და “დორტმუნდის” ინტერესთა სფეროში შედის.

არც ჯუზეპე მაროტა კარგავს დროს უქმად და პარიზში ჩასახლებულ ბრაზილიელ ტიაგო სილვას იტალიაში დაბრუნებას სთავაზობს თავისუფალი აგენტის სტატუსით, რომელსაც კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში გასდის, მაგრამ შესაძლებელია ავტომატურად გახანგრძლივდეს ერთი წლით. ეს გუნდის შედეგებზეა დამოკიდებული, რომელსაც ის ჩემპიონთა ლიგაზე აჩვენებს.

მიუხედავად იმისა რომ სილვა 32 წლისაა, ის საკმაოდ გამოცდილი და მაღალი კლასის ცენტრალური მცველია, რაც იუვეს დაცვას ნამდვილად წაადგება, რიგ შემთხვევაში დაასვენებს და შესაძლებელია პირიქით რომელიმე ჩვენი ცენტრალური მცველი გახდეს ბრაზილიელის “დამსვენებელი”

რაღა თქმა უნდა არც ბებერი ქალბატონის ფეხბურთელები არიან უყურადღებოდ.

მაგალითად სემი ხედირას ერთდროულად სამი “MLS” ის გუნდი ეპატიჟება. მათ შორის შესაძლებელია გერმანელი პირლოს თანაგუნდელიც კი გახდეს “ნიუ იორკ სიტი” – ში. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ცალკე სემი და მისი აგენტი და ცალკე “სინიორას” ხელმძღვანელობა.

ყურადღების ცენტრშია ასევე ხორვატი მარიო მანჯუკიჩი. მას შემდეგ რაც სიმონე ზაზამ არ გაამართლა სლავენ ბილიჩის იმედები, “ვესტ ჰემი” ახლა მარიო მანჯუკიჩით ცდილობს შეტევის მოძლიერებას. ვნახოთ, თუ ამან არ გაამართლა მერე იქნებ დიბალა – იგუანის დუეტი მოუნდეს პირდაპირ, ისე კი მაროტა 18 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს ამ წინადადების განხილვას.

სულ ცოტა დრო რჩება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *